ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცათ.
წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვის სურვილი თავად გამოთქვა. მსაჯულთა შერჩევის პროცესი 22 ოქტომბერს დაინიშნა და დაცვის მხარე, სასამართლო პროცესზე საქმესთან დაკავშირებით, FBI-ის დასკვნის წარმოდგენას ისევ ითხოვს.
"რატომ არ მოაქვს ბრალდების მხარეს FBI-ის დასკვნა და მოაქვს ჰაკიმ-ფაშას ვიდეოები, ეს ხომ არის ადამიანთა გრძნობებით მანიპულირება, რომ თითქოსდა რაღაცას იმ ავბედით საღამოს ჰქონდა ადგილი. იმ საღამოს ადგილი ჰქონდა ერთ რამეს, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ, თავის დაცვის უფროსს და დაცვის წევრს უთხრა, რომ დაეტოვებინათ მარტო. ეს დასკვნა არა მხოლოდ საჯარო არ ხდება, სასამართლოს განხილვის საგნადაც კი არ აქციეს," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
"შედეგი სახეზეა, გარდაიცვალა ერთ დროს მოქმედი ქვეყნის პრემიერმინისტრი. და სწორედ მისი გარდაცვალება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან. გამოკვეთილია ხარშილაძის და ძაძამიას ბრალეულობა და სწორედ ამიტომ გამოიყო მათ მიმართ ცალკე წარმოება საქმეზე," - განაცხადა პროკურორმა რევაზ ნადოიმ.