როგორი იქნება გუდიაშვილის მოედანი აღდგენა-რეაბილიტაციის შემდეგ?!

როგორი იქნება გუდიაშვილის მოედანი აღდგენა-რეაბილიტაციის შემდეგ?!

2014 წლის 28 სექტემბერს, გუდიაშვილის თემაზე გამართული საზოგადოებრივი დარბაზის საჯარო განხილვაზე მიღებული შეთანხმების შესაბამისად, 1 ოქტომბერს ძეგლთა დაცვის სააგენტოში  გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-განვითარების პროექტების განხილვა გაიმართა, რომელსაც ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქიტექტურული კომისიის წევრები, არქიტექტორთა კავშირი, ფონდში რეგისტრირებული გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტების ავტორები, ფონდის წარმომადგენლები და „ტფილისის ჰამქარი“-ს წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სათითაოდ იქნა განხილული პროექტები და გამოითქვა ცალკეული შენიშვნები ხარვეზების გამოსასწორებლად.

თბილისის „ჰამქარს“ მიაჩნია, რომ გარდა გამონაკლისისა, პროექტები ძირითადად გადასამუშავებელია, ან ხელახლაა შესაქმნელი. მათ ალტერნატიული შეხვედრა მოითხოვეს „იკომოს საქართველო“-ში,რადგან უარს ამბობენ პროექტების ავტორთან  და ამ შეხვედრის მონაწილეებთან გუნდში მუშაობაზე.

 თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თემურ ხომერიკის განმარტებით, აღნიშნული პროექტები მემკვიდრეობით ერგო ფონდის ახალ მენეჯმენტს, უმეტესობა ძეგლთა დაცვის სააგენტოსთანაც არ იყო შეთანხმებული. მშენებლობის წარმოებაზე კომპანიებთან ნაკლოვანი პროექტებით გაფორმდა კონტრაქტები და ავანსად გადაირიცხა თანხები. მშენებლობის დემონტაჟის შედეგად,სადრენაჟო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მოედნის გარშემო მოსახლეობის კერძო სახლები, ხოლო თავად კულტურულ-არქიტექტურული ძეგლები არ გამაგრებულა.  აღნიშნულის შედეგად მივიღეთ მოსახლეობის ბინების ჩამონგრევის ფაქტები და ისტორიული შენობების საძირკველის გამორეცხვა. ამ პრობლემატური საკითხის  გადადება  გუდიაშვილის კომპლექსის სრულ ნგრევას გამოიწვევს.

ფირმები აცხადებენ, რომ ვერ ასწრებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რადგან მათ მუშაობის გაგრძელების საშუალებას  არ აძლევს, საზოგადოების და მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც აპროტესტებენ ამ ფორმით გუდიაშვილის მოედნის რესტავრაციას.

ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, არქიტექტორთა კავშირისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ექსპერტთა მიერ  მოწონებული პროექტები,მომდევნო კვირაში განიხილება არასამთავრობო ორგანიზაცია  „იკომოს საქართველოს“ ოფისში. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი სექტორის მიერ შერჩეული ექსპერტები. პოზიციათა შეჯერების შემდეგ, 1 ნოემბრიდან ოფიციალურად ნებადართული და საზოგადოებრივი სექტორისა, თუ ექსპერტების  მიერ შერჩეული  პროექტებით გააგრძელდება სამუშაოები.

ფონდი მზადაა, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების სამუშაოებზე ს ნებართვის მისაღებად პროექტები წარადგინოს სათანადო კომისიებზე, ხოლო დანარჩენ შენობებთან დაკავშირებით, გამოიყოს დრო ახალი  პროექტების შექმნისათვის.

ქალაქის ხელძღვანელობასთან შეთანხმებით, გამოცხადდება სათანადო კონკურსები და შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე მოხდება პროექტების კონსერვაცია.

პარალელურ რეჟიმში შემუშავდება გუდიაშვილის მოედნის აღდგენის ერთიანი კონცეფცია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: