ებრაელი ბიზნესმენი ვალის დაბრუნებას ითხოვს
ბიზნესმენებს სასონ ჰოკსა და თეიმურაზ კვარაცხელიას შორის დავა გრძელდება.
სასონ ჰოკსა და თეიმურაზ კვარაცხელიას შორის საქმიანი ურთიერთობა 2009 წლიდან დაიწყო. მხარეებს შორის კანონის სრული დაცვით რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო, რომელთა საფუძველზე უცხოელმა ბიზნესმენმა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს 2009-დან 2011 წლამდე, დაახლოებით სამი მილიონი ლარის ოდენობის სესხი გადასცა. ვალდებულების უზრუნველყოფა იმ ობიექტით მოხდა , რომლის გამოძალვაშიც კვარაცხელია ჰოკს ადანაშულებს. ასაევე აღსანიშნავია, სესხის ნაწილი კვარაცხელიას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით იყო უზრუნველყოფილი.
შპს "ბიდიო ლეგალის" წარმომადგენლები აცხადებენ , რომ კვარაცხელიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ შეუსრულებია. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენმა ჰოკმა გამოიჩინა კეთილი ნება და კვარაცხელიას დამატებითი ვადა მისცა, მან არ გაითვალისწინა არსებული გარემოება, ანუ ვალი არ გადაიხადა.
ჰოკის წარმომადგენელთა განცხადებით, თეიმურაზ კვარაცხელიას ბრალდება, თითქოს ებრაელი ბიზნესმენი საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მფარველობით სარგებლობდა, ტყუილია.
"აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი ჰოკი არ არის დაინტერესებული კვარაცხელიას საკუთრებაში არსებული ქონებით, მისი ერთადერთი მოთხოვნა კუთვნილი თანხის დაბრუნებაა, რომელიც კვარაცხელიამ მიითვისა" _ აცხადებს იურიდიული კომპანია "ბიდიო ლეგალის" წარმომადგენელი დავით ხრიკაძე.
მისივე განმარტებით, შეილახა ბიზნესმენის ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია, ამიტომ ცილისწამებისთვისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის უნდა მოხდეს კვარაცხელიას სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.