მიხეილ გიორგაძე ფრანკფურტში წიგნის ბაზრობას დაესწრება
დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტში გაემგზავრა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2014 წლის, 8-12 ოქტომბერს, ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. აღნიშნული ვიზიტი ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური სტუმრობაა მომავალი საპატიო სტუმარი ქვეყნის რანგში (2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის დეა მეტრეველის ოფიციალური შეხვედრები როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურებთან, ასევე უცხოელ გამოცემლებთან, ლიტერატურის აგენტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მიხეილ გიორგაძე შეხვედრას გამართავს ფრანკფურტის კულტურის სამსახურის უფროსთან ფელიქს ზემელროტთან. ბაზრობის ფარგლებშივე მინისტრი სიტყვით გამოვა საერთაშორისო სამიტზე "გამოწვევები განათლების სფეროსა და კულტურის პოლიტიკის საკითხებში".
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიის ორგანიზებით 2014 წელს საქართველო უფრო დიდი და განახლებული ეროვნული სტენდით და არაერთი საინტერესო პრეზენტაციით წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის მისაღებად ცხრამეტი ქართველი გამომცემელია დარეგისტრირებული. ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობა სხვადასხვა სადისკუსიო პანელში და პრეზენტაციაში.