დაცინვას კაცი ... მოუკლავს!
არსებობს ასეთი გამოთქმა: დაცინვას კაცი არ მოუკლავსო. მაგრამ, როგორც ჩანს გამონაკლისი წესს თან ახლავს თურმე ქართულ სინამდვილეში, შეიძლება დაცინვამ კაცი... მოკლას კიდეც, ოღონდ, არა ერთი და ორი არამედ ასი... ათასი!
დღეს, როცა საქართველოში უმუშევრობის ბუმია და როცა ზოგიერთი ოჯახის შემოსავალი ლამის პენსიიდან აღებული კაპიკები გამხდარა, დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ დანაპირები არ შესრულდება და პენსია მომავალ წელს ან საერთოდ არ გაიზრდება, ან თუ კარგ ხასიათზე დადგებიან, 5-10 ლარით შეიძლება მოიმატოს!
მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო, ნათქვამისა არ იყოს, რაში ენაღვლებათ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც კოლოსალური (ყოველ შემთხვევაში პენსიასთან შედარებით 50-ჯერ და 100-ჯერ მეტ) ხელფასით და ასევე ჩვენს რეალობაში შოკისმომგვრელი დანამატებით ივსებენ ჯიბეს, მის შრომისუნარდაქვეითებულ თანამემამულეს, რომელსაც სახლში 3 შრომისუნარიანი უმუშევარი უზის, საარსებო მინიმუმთან დაახლოებულ პენსიას თუ არ დაუნიშნავენ!
როგორც ჩანს, ქამრების მოჭერა დღევანდელ ხელისუფლებას საპენსიო თანხების ეკონომიის ხარჯზე წარმოუდგენია.
ისე, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა აიტკიონ აუტკივარი თავი და რატომ უნდა დაიკლონ მაქსიმალური სიამოვნება _ ბურთიც ხომ მათია და მოედანიც?!
ჩვენ კი ყველაფერს ვეგუებით, ყველაფერს ვითმენთ და მერე ჩვენთვის ვწუწუნებთ, რომ არასწორად გვექცევიან, ხალხის ინტერესებს აბუჩად იგდებენ!
და მერე რა? არც არაფერი - ყველას ყველაფერი შერჩა ხახვივით და შერჩება მანამ, სანამ საკუთარი უფლებების დაცვაზე თავადვე არ შევიწუხებთ თავს და სანამ ჩვენში ღირსების ელემენტარული გრძნობა არ გაიღვიძებს.
მანამდე კი დაცინვით იმდენ კაცს მოკლავენ, რომ...