თეა წულუკიანი: საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ამ საქმის შესახებ ლაპარაკიც არ დაგვაზიანებდა!
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალი ხელისუფლების ხარვეზებზე საუბრობს. მისი შეფასებით, ახალი მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მას გაკეთებული საქმის საზოგადოებამდე მიტანა არ შეუძლია.ამის შესახებ განცხადება წულუკიანმა "იმედის" ეთერში გააკეთა.
"ჩვენი მთავრობა აკეთებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს და არ აქვს უნარი, რომ ეს მიაწოდოს საზოგადოებას. ეს არის ყველაზე დიდი ხარვეზი და, მე ვიტყოდი, შეცდომაც. ჩვენ იმდენი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული, რომ ამის შესახებ 1/3 არ იცის მოსახლეობამ. ეს არის ჩვენი მთავრობის ხარვეზები კომუნიკაციაში. თუმცა, ალბათ, ეს იმასთანაც არის დაკავშირებული, რაც ჩვენი მთავრობის სტილია და რომლსაც ბატონმა ბიძინამ ჩაუყრა საფუძველი. ის სულ გვეუბნებოდა, რომ მთავარია საქმე და არ დაგავიწყდეთ, რომ "ნაციონალები" მეტს ლაპარაკობდნენ იმ საქმეზე, რომელიც არ გაუკეთებიათო.
ახლა ვხედავთ, რომ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ამ საქმის შესახებ ლაპარაკიც არ დაგვაზიანებდა. თუმცა ის გაფრთხილება, რაც მაშინდელმა პრემიერმა მოგვცა, სრულიად საფუძვლიანი იყო, იმიტომ რომ არ უნდა ჩავვარდნილიყავით იმ ხიბლში, რაც თან ახლავს ხელისუფლებას,"- განაცხადა წულუკიანმა.