ნინო ბურჯანაძე: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიძინა ივანიშვილს ძეგლი უნდა დაუდგას!
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ეთერში განაცხადა, რომ ძალიან დიდი შანსი არსებობს "ნაციონალური მოძრაობა" სახეშეცვლილი ფორმით ხელისუფლებაში მობრუნდეს.
მისი თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს "ქართული ოცნების" უუნარობა აძლევს.
პოლიტიკოსის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებზე უარი უთხრა, "ქართულმა ოცნებამ" კი შეგნებულად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაეთეთრებინა.
"მათ გათეთრებაში თუნდაც იმ სამარცხვინო სასამართლო პროცესებს ვგულისხმობ, როდესაც ახალაიას წესიერად ბრალი ვერ დაუმტკიცეს, როდესაც უგულავა ამდენს ლაპარაკობს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს აჩუქა და ახლა პატრიოტიზმზე საუბრობს. ვინ ლაპარაკობს პატრიოტიზმზე, ყველაფერს საზღვარი ხომ აქვს? სააკაშვილის პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ 2008 წლის აგვისტოში საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში ვიყავით, ოღონდ ჩვენ ეს ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ფასად დაგვიჯდა",-განაცხადა ბურჯანაძემ. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ვერ გამოადგება.
"ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალური ხელისუფლებაა, რომელიც ვერ უნდა მობრუნდეს და ვერც მობრუნდება ხელისუფლებაში. "ქართული ოცნება" საბედნიეროდ, კრიმინალური არ არის, მაგრამ სამწუხაროდ უუნაროა",-განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ადამიანურად შეიძლება ყველამ დააფასოს ის, რაც 1 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში მოხდა, რომ ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ, მაგრამ პოლიტიკურად რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა გააკეთა, ეს საქართველოსთვის ძალიან მძიმეა.
"ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილზე და "ქართულ ოცნებაზე" ასე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ ძეგლი უნდა დაუდგას მათ, იმიტომ რომ მათი უუნარობით მიწაში ჩადებული და მოსახლეობის მხრიდან მიწამიყრილი "ნაციონალური მოძრაობა" გაცოცხლდა და დღეს ბედავს და ამ ტონით გველაპრაკება",-განაცხადა ბურჯანაძემ.