დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს ყველაზე ბეცი პოლიტიკაა, რომელიც შეიძლება აწარმოო!
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაზეთ ,,რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილება მერიის თანამშრომლებზე სახელფასო დანამატების დამტკიცების შესახებ, არასწორია და თვითმმართველ ორგანოშიც იგივე ხდება, რაც ცენტრალურ ხელისუფლებაში.
,,ეს, ჩემი აზრით, იმ სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია, რასაც ,,ქართული ოცნება" ახორციელებს. ვერ ვიგებ, ამას შეგნებულად ხომ არ აკეთებენ, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყონ. ,,ქართული ოცნების" ქმედებას ,,სიწუწკის პოლიტიკას" დავარქმევდი. იციან, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ ვერ დარჩებიან და მაქსიმალური სარგებლის მიღებას დღესვე ცდილობენ.
,,ნაციონალური მოძრაობა" ყველა ღონეს ხმარობდა და მილიონიან მოგებებს ნახულობდა შემდგომში პარტიული აქტივის დასაფინანსებლად, მაგრამ ის, რასაც დღეს ნარმანია და მისი გარემოცვა აკეთებს, არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არის ყველაზე ბეცი პოლიტიკა, რომელიც კი შეიძლება მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულმა პირმა აწარმოოს",-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.