რაზე იმსჯელეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე?
100- მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების გზებზე იმსჯელეს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტ "სამეფო ბაღების" შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა.
მისი განმარტებით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 6 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რამაც ინვესტორს ზარალი მიაყენა.
"ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება საჯარო კონკურსი არქიტექტურულ პროექტებზე. სპეციალური საბჭო შეარჩევს 3 პროექტს, რომელთაგან საუკეთესოს წლის ბოლოს თავად ინვესტორი აირჩევს. პროექტის განმახორციელებელია შპს "აპოლო გ", რომელიც "კემპინსკის" სავაჭრო ნიშნის ქვეშ აპირებს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას",-აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ აბანოთუბანში მრავალფუნქციური კომპლექსის "სამეფო ბაღის" მშენებლობის პროექტი გააპროტესტა. მელიამ აღნიშნულ პროექტს ურბანული დანაშაულის ტოლფასი პროექტი უწოდა. მისივე თქმით, პროექტის მიხედვით უნდა აიგოს მრავალსართულიანი კომპლექსი, რომელიც ძველი თბილისის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია.
პროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ძველ თბილისში მდებარე მირზა შაფის ქუჩა უნდა განაშენიანდეს, მერიის საბჭომ გადადო და ავტორებს რეკომენდაციები მისცა. ამის შესახებ თბილისის მერმადავით ნარმანია განაცხადა.
"საბჭომ ეს პროექტი გადადო და მისცა რეკომენდაციები მის ავტორებს, რომ მოხდეს პროექტის მოდიფიცირება ისეთნაირად, რომ არქიტექტურული თავლსაზრისით იყოს შესაბამისობაში მოყვანილი. შესაბამისად, დამატებით, მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება ტრანსფორმირებული ფორმით პროექტი, საბჭო გააგრძელებს მის განხილვას",-განაცხადა ნარმანიამ.