რას სთხოვენ არასამთავრობოები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას?

რას სთხოვენ არასამთავრობოები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას?

  ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართვას უგზავნის

 

   მიმართვის ავტორები არიან "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი".

 

  "მოგმართავთ საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას.

 

   საიხან მუზაევმა, რომელიც 2012 წლიდან არის საქართველოს მოქალაქე, გადაწყვიტა სასწავლო მიზნით დიდ ბრიტანეთში გამგზავრება, ამისათვის, მან მიიღო შესაბამისი ვიზა, გადაიხადა სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო თანხა. თუმცა, 2014 წლის 13 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს და ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი განმარტების გარეშე არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. მოგვიანებით, მან კიდევ თორმეტჯერ სცადა გამგზავრება, თუმცა, ყოველი მცდელობისას შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ანალოგიურ უკანონო ქმედებას წააწყდა.

 

  მუზაევი მისთვის ქვეყნის დატოვებაში ხელის შეშლას ე.წ. ლაფანყურის საქმეს უკავშირებს. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები აიძულებდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მიცემასა და იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომელსაც არ ფლობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუზაევი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს.

 

  "საია"-ს ადვოკატის განცხადებაზე, თუ რატომ ეზღუდებოდა საიხან მუზაევს გადაადგილების თავისუფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გვეცნობა, რომ მათთვის "უცნობია იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო საიხან მუზაევის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების შეზღუდვას".

 

  საიხან მუზაევმა 17.03.2014 წელს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღუწერა მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა ქვეყნის დატოვებაში ხელშეშლის აკრძალვა, თუმცა სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა საჩივარი. ს.მუზაევმა უფლებების დასაცავად სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც დღემდე მიმდინარეობს საქმის განხილვა. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადებულა არც ერთ სასამართლო პროცესზე და არ დაუფიქსირებია სამინისტროს პოზიცია, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება. მუზაევის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტზე ინფორმირებულია როგორც შსს-ს გენერალური ინსპექცია, ასევე პროკურატურა, თუმცა, მისი განცხადებები და საჩივრები რეაგირების გარეშე დარჩა.

 

  საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად, "ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით". "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის" თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე: თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს, რასაც ს.მუზაევის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. დღემდე არცერთ უწყებას არათუ არ დაუსაბუთებია, საერთოდ არ დაუსახელებია არც ერთი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება თუ არგუმენტი, რაც შესაძლებელი იყო, საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის საფუძვლად განხილულიყო. საიხან მუზაევის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 06.05.2014 წლის რეკომენდაციით დადგინდა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცული მიმოსვლის თავისუფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევა, რამაც მოქალაქის კანონისმიერი უფლებების შელახვა გამოიწვია. მუზაევის უფლებების უხეშ დარღვევაზე მიუთითებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, აღნიშნულს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

 

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით და იმ იმედით, რომ საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ განხორციელებულ კონსტიტუციით დაცული უფლების უკანონო შეზღუდვას მოჰყვება სათანადო რეაგირება. გთხოვთ, შეისწავლოთ აღნიშნული ფაქტები და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: