დავით ზალკანიან: ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენული არჩევნია!
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დიალოგის ახალი ფორმატის შექმნაზე საუბარი არ არის, ამის შესახებ ზალკალიანმა "რუსთავის 2"-ის ეთერში განაცხადა.
"არ მესმის რა არის ამის ქვეტექსტი, საიდან მოდის ეს სპეკულაციები. არსებობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დისკუსიები , არსებობს არაფორმალური დიალოგი ე.წ. კარასინ-აბაშიძის. არანარი სხვა ფორმატზე საუბარი არ არის",-განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ძალის არგამოყენებაზე საუბარი, ძირითადად, ორი მიმართულებით მიდის.
"ჩვენ მუდმივად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას , რომ საქართველომ ეს იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება აიღო ორჯერ: 2010 წელს და 2013 წელს კიდევ ერთხელ იყო დადასტურებული. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას თანათავმჯდომარეებთან ერთად , რომ იგივე ნაბიჯი გადადგას და აიღოს იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება, რასაც რუსეთის ფედერაცია არ აკეთებს და ხდება მუდმივად ამის შეხსენება თანათავმჯდომარეების და ჩვენი მხრიდან",-განაცხადა ზალკალიანმა.
ასევე აღნიშნა, რომ ჟენევაში რუსულ მხარესთან ამ თემაზე არაფორმალურ ვითარებაში საუბარი არ შემდგარა.
"არაფორმალურ ვითარებაში იქ საუბარი იყო იმ საკითხზე, რაზეც შემდგომ რუსულ განცხადებაში იყო საუბარი, თითქოსდა, რუსეთის შეშფოთებას იწვევს საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი. სწორედ ამაზე მქონდა მე საუბარი. იმიტომ, რომ ნატოს თემატიკა ჟენევის თემატიკა არ არის და ეს მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ. სანამ დაიწყებოდა ჟენევის მოლაპარაკებები , იქ როდესაც მიდის საუბრები, კარასინმა აღნიშნა, რომ ისინი გარკვეულწილად შეშფოთებული არიან ნატოს სამიტის გადაწყვეტილებებით და პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ცენტრის შესახებ. მე მას მაშინვე მივუგე, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს , ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენული არჩევნია და ამაზე საუბარი ჟენევაში არ შეიძლება.
არანაირი რუსული მხარის პროექტი არ არსებობს ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ პოზიცია და ამ პოზიციაზეა საუბარი, ისინი ამბობენ, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მხარე რუსეთი არ არის და აქედან გამომდინარე ვერ აიღებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, ეს არის მათი პოზიცია და ამ პოზიციაზე აგებენ თავის მიდგომას და რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენ და თანათავმჯდომარები და მუდმივად არის მოწოდება რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს ვალდებულბა, რომელიც ნაკისრი აქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით",-განაცხადა ზალკალიანმა.