სახალხო დამცველის აპარატი წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო.
"2014 წლის 14 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის გაქურდვისა და ტაძარში არსებული რელიგიური სიწმინდეების დაზიანებასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაქურდულია ეკლესია, კერძოდ, გატეხილია შესაწირი ყუთები. ეკლესიის წინამძღვრის ინფორმაციით, მოპარულია ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ხატს ეკეთა. ამასთან, კედლებიდან ჩამოგლეჯილია ხატები, იატაკზე მიმობნეულია სხვადასხვა სახის სიწმინდეები, მათ შორის - ჯვრები, ბარძიმი და სასულიერო პირების შესამოსლები. ასევე დამსხვრეულია წმინდა ნიკოლოზის ხატის შუშა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქურდობა).
საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ტაძრის გაქურდვისა და ტაძარში არსებული რელიგიური სიწმინდეების დაზიანების ფაქტს. ამასთან, დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით. ვინაიდან, ეკლესიიდან არამარტო წაღებულია თანხა და ოქროს ნივთები, არამედ დაზიანებულია ტაძარში არსებული სიწმინდეები, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, დანაშაული არის თუ არა ჩადენილი რელიგიური მოტივით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოცემულ საკითხთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს", - ნათქვამია განცხადებაში.