მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს, გამგეობა დარბაზს აშენებს
დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში მესამე წელია სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები სარიტუალო დარბაზის მოსაწყობად იხარჯება. ამ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
დარბაზის მოწყობისთვის 25 000 ლარი უკვე დახარჯულია, თუმცა სოფლის გამგებლის განცხადებით, თანხის უკმარისობის გამო, დარბაზის მოწყობა წელსაც ვერ დასრულდება. დარბაზში საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სხვა დღეებში კი დაკეტილია. მოსახლეობა სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, წყალს ჭიები მოჰყვება, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევთ.
წითელსოფელში სარიტუალო დარბაზი ყოფილი მაღაზიის შენობაშია განთავსებული. შესაბამისად, დარბაზის ასაშენებლად თანხა არ დახარჯულა. შენობას წინა მხრიდან მეორადი სამშენებლო მასალებით მხოლოდ მცირე ზომის ოთახი მიაშენეს და სარიტუალო ინვენტარი შეიძინეს. ამ ყველაფერში, ბოლო ორი წლის განმავლობაში 17 175 ლარი დაიხარჯა. დარბაზი შიგნიდან ჯერ კიდევ მოსაწყობია.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, სარიტუალო დარბაზის მოსაწყობად 2010 წელს 7 491 ლარი, სარიტუალო ინვენტარის შესაძენად კი – 4 000 ლარი დაიხარჯა. 2011 წელს, დარბაზისთვის დამატებით 5 684 ლარი დაიხარჯა, 2012 წელს კი მის მოწყობას კიდევ 8 000 ლარი მოხმარდება, თუმცა რწმუნებულის თქმით, ეს თანხაც არასაკმარისია.
მოსახლეობა სარიტუალო სახლის მოწყობის გაჭიანურების გამო უკმაყოფილოა და მიიჩნევენ, რომ თანხები არამიზნობივად იხარჯება იმ დროს, როცა მათ სასმელად ვარგისი წყალიც არ მიეწოდებათ.
"სოფელს არაფერი არ ხმარდება, ერთი დარბაზი გვინდოდა გაკეთებულიყო და ისიც ნახეთ რა დღეშია. მთლიანი შენობა რომ გააკეთო იმას არ სჭირდება 30 000, ამდენი თანხა დაიხარჯა მაგაზე? ჩვენ კიდევ წყალი არა გვაქვს, მატლები მოჰყვება. კრებაზეც გინდა მიდი, გინდა არა, რასაც თვითონ იტყვიან, მაინც ის კეთდება", - აცხადებს წითელსოფელში მცხოვრებმა დავით ჩხუტიაშვილმა.
მოსახლეობა იმ ფაქტითაც უკმაყოფილოა, რომ სარწყავ არხში, რომლის რეაბილიტაციაზეც შარშან სოფლის დახმარების პროგრამიდან 5 684 ლარი დაიხარჯა, წყალი არ გადის და ვერ იყენებენ.
დუშეთის და თიანეთის რაიონების 20–ზე მეტ სოფელში სოფლის დახმარების პროგრამის მონიტორინგს ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრი" ახორციელებს. ცენტრის იურისტი მარი ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ სოფლისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
"წითელსოფლისთვის 2010 წელს 13 000 ლარი იყო გამოყოფილი, ამ თანხიდან 7 400 ლარი მოხმარდა სარიტუალო დარბაზისთვის სამშენებლო მასალების შეძენას, 4 000 ლარი ინვენტარის შეძენას. 2011 წელსაც ამ დარბაზზე დაიხარჯა 5 687 ლარი. სამშენებლო მასალები მეორადი გამოყენებისაა და რეალური ფასი ბევრად ნაკლები უნდა იყოს. გარდა ამისა, წითელსოფლისთვის გამოყოფილი 13 000 ლარიდან, 2010 წელს, 5 684 ლარი მოხმარდა სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თუმცა სარწყავი სიტემა სოფელს ფაქტობრივად არ აქვს. რეალურად, სოფლისთვის გამოყოფილი თანხა არ დაიხარჯა მიზნობრივად და რაც დაიხარჯა, ისიც უშედეგოდ," - განაცხადა მარი ნათელაშვილმა.
სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუგზარ ლაფანაშვილის თქმით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მიზნობრივად იხარჯება, თუმცა ვერ ასაბუთებს, რისთვის სჭირდება აშენებული დარბაზის მოწყობას 25 175 ლარი.