ირაკლი ალასანია: მოწინააღმდეგეების ინტერესში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაძლიერება არ შედის!
"მე ვიქნებოდი ყველაზე წარუმატებელი მინისტრი, რომ დღეს რუსეთი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით კმაყოფილი იყოს", - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "იმედის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, რუსეთისგან რიტორიკა მოსალოდნელიც იყო. ალასანიას განცხადებით საზოგადოების სურვილია, საქართველო გახდეს ძლიერი პარტნიორი რეგიონული ქვეყნებისთვის.
"ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან და მათ ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო ასე დაუახლოვდა NATO-ს და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები იქნება გაზრდილი. ამ პაკეტის (NATO-საქართველოს) ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს არის, რომ ალიანსი და ალიანსის წევრი ქვეყნები დაეხმარონ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში. რაც შეეხება რიტორიკას, რომელიც გვესმის რუსეთის ფედერაციიდან, ეს მოსალოდნელი იყო. ამგვარი რიტორიკა გვესმოდა, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი იდგა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი იდგა. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამიზნული კონკრეტული ნაბიჯები ამ პაკეტის ხორცშესასხმელად.
ეს არის საქართველოს საზოგადოების არჩევანი. ეს არის არჩევანი, რომელიც ყველამ ერთად გავაკეთეთ, რათა ჩვენმა შვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ, ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ მოახვევს თავს საგარეო პოლიტიკის კურსს. ჩემთვის ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის რუსეთის ფედერაცია. ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს ძლიერი და ძლიერი საქართველო იქნება ძლიერი პარტნიორი რეგიონული ქვეყნებისთვის და ეს არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ," - განაცხადა ალასანიამ.