ირაკლი ღარიბაშვილი: არ მივიღებთ არცერთ სიტყვას იმ ადამიანისგან, რომელიც უამრავ დანაშაულშია ბრალდებული!
"ჩვენ არ მივიღებთ არცერთ სიტყვას იმ ადამიანისგან, რომელიც არის ძებნილი და ბრალდებული უამრავ დანაშაულში", - აღნიშნული განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მთავრობა ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.
პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დავკარგეთ კოდორი და ქვეყნის 20% ოკუპირებულია.
"ის ადამიანი, რომლის დროსაც ხდებოდა მკვლელობები და გაუპატიურებები, ბიზნესზე იყო ზეწოლა, ხალხი ვერ სუნთქავდა თავისუფლად, დღეს გამოდის და ჭკუას გვასწავლის. აფხაზეთი ყოველთვის იყო ჩვენი მიწა-წყლის ნაწილი. ჩვენი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკით ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ხალხზე ზრუნავს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქვეყნის მართვის სადავეების აღება კრიზისულ ვითარებაში მოუწია, თუმცა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გონივრული პოლიტიკის წყალობით, ყველა გამოწვევა გადალახა.