ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს წინ უნდა აღვუდგეთ!
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოზე აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატზე საუბარი აუცილებლად იქნება.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მომართულ მზარდ საფრთხეს, რომელიც კონკრეტულ ფორმებს იძენს.
"ეს გამოიხატება ე.წ. აფხაზურ რეჟიმსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, რაც პირდაპირი ანექსიის დაწყება და გაფორმებაა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ ფორმებსა და ზომებზე, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად წინ უნდა აღვუდგეთ რუსეთის მხრიდან ამ აგრესიულ ქმედებას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე აბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობა აუცილებლად იქნება.
"ვთვლი, რომ კონცენტრირება მომავალზე უნდა გავაკეთოთ. ვინაიდან დაზუსტდა და დადგინდა, რომ რუსეთის ოფიციალური პოზიცია ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით უცვლელია, ვთვლი, რომ ეს არხი თავის რესურსს წურავს და ამ მიმართულებით დღეს აუცილებლად იქნება გამოთქმული მოსაზრებები", - განაცხადა პეტრიაშვილმა.