მარგველაშვილი კვლავ ახერხებს "რთულ შეკითხვებზე ღიმილით უპასუხოს"
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტ ანა ნემცოვას ინტერვიუს აძლევს, რომელსაც Foreign Policy "ფილოსოფოსი პრეზიდენტის რთული ცხოვრება" - სათაურით აქვეყნებს.
ჟურნალისტი გიორგი მარგველაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებით დაინტერესდა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყოფილ მფარველს წლის დასაწყისის შემდეგ არ შეხვედრია და მასთან არც სატელეფონო საუბარი ჰქონია.
სტატიის ავტორი წერს, რომ დღეს საქართველოში პრეზიდენტი უფრო მოსწონთ, ვიდრე ივანიშვილი ან ღარიბაშვილი, თუმცა "მას ნაკლები ძალაუფლება აქვს".
ინტერვიუში მარგველაშვილი რუსეთზეც საუბრობს და ამბობს, რომ არ ესმის, რაში სჭირდება რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ომი. საქართველოს კი მოსკოვთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები ვერ ექნება, ვიდრე რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად არ აღიარებს.
მარგველაშვილი რადიკალ ისლამისტებსაც შეეხო. მისი აზრით, სახელმწიფო ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარებისას და პასუხი, კანონის გაძლიერების გარდა, ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უნდა იყოს. ჟურნალისტს არც სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებები დარჩენია ყურადღების მიღმა, რაზეც მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ამ რთულ პერიოდს ღირსეულად დააღწევს თავს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ყოფნიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კვლავ ახერხებს, "რთულ შეკითხვებზე ღიმილით უპასუხოს".