მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის პარალელურად, ხვალ დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და იმ საფრთხეებზე, რასაც რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტი შეიცავს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ფორმატში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისადმი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ დემონსტრირებას წარმოადგენს.