დავით უსუფაშვილი:რუსეთი საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ რჩება და ჩვენ ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ!
რუსეთს საქართველოს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ქართულ-ებრაული მეგობრობისგან განსხვავებით, საქართველო და რუსეთი თუნდაც, ორსაუკუნოვანი მეგობრობით ვერ დაიკვეხნიან.
"ქართულ-რუსული ურთიერთობებში, სამწუხაროდ, ვერ ვიკვეხნით იმას, რომ გვაქვს ორსაუკუნოვანი მეგობრობა, თუნდაც. ახლო მეზობლებმა ეს ვერ მოვახერხეთ. როგორც ჩანს, მომავალი საუკუნეების ამბავია, თუმცა, ამ საუკუნის შუა წელშიც შესაძლებელია ურთიერთობები გამოსწორდეს, მაგრამ არა ძალიან მალე.
რუსეთი, სამწუხაროდ, რჩება საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ და ჩვენ ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ არა ჭორაობით, არა გუშინდელი მოგონილი ამბების სადღაც გამოტანით და მერე ამაზე სამდღიანი კომენტარებით, არამედ სახელმწიფოებრივი, სოლიდური მოქმედებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა.
"დაახლოებით, კვირაში ერთხელ, ვანო მაჭავარიანი რაღაც ახალ თემას რომ გამოიტანს, მერე მთელი მთავრობა და პარლამენტი ამის კომენტირებით ვიყოთ დაკავებული?", - აცხადებს უსუფაშვილი.