ზვიად ტომარაძე:-"ხვალ მასავით აღარავის ექნება ხალისი საკუთარი სისხლის ფასად დაიცვას სამშობლო!"

ზვიად ტომარაძე:-"ხვალ მასავით აღარავის ექნება ხალისი საკუთარი სისხლის ფასად დაიცვას სამშობლო!"

   დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძის და "მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარის ემზარ ქვარიანის ორგანიზებით გაიმართება აქცია- "თავისუფლება ემზარ კვიციანს!!!" 

   -"სააკაშვილის ხელისუფლებამ 2006 წელს რაზმი "მონადირე", რომელიც წლების მანძილზე საკუთარი სისხლის ფასად იცავდა კოდორის ხეობას, გააუქმა. ემზარ კვიციანს რაზმის უკანონო შეიარაღებასა და სამხედრო ამბოხების მოწყობაში დასდო ბრალი. ემზარ კვიციანი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ კვიციანი და მისი რაზმი ხელს უშლიდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ტყვიის გასროლის გარეშე კოდორის ხეობა რუსეთს ჩააბარა. 2014 წლის 28 თებერვალს ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დააკავებდნენ. ის მზად იყო (არის) ეთანამშრომლა გამოძიებასთან. ემზარი დღემდე პატიმრობაში რჩება. 22 ოქტომბერს 12 საათზე ზუგდიდში გაიმართება სასამართლო პროცესი. 

მიმაჩნია რომ ის სააკაშვილის ხელისფლებამ, ისევე როგორც მრავალი ადამიანი უსამართლოდ გაწირა. ასევე მიმაჩნია, რომ ჩვენ საზოგადოება გვერდში უნდა დავუდგეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი სისხლის ფასად იცავდა ქართულ მიწას! სირცხვილია კოდორის ხეობის დამცველი ემზარ კვიციანი ციხეში იყოს, ხოლო ის ხალხი რომლებმაც კოდორი და მასთან ერთად სამაჩაბლოს მიწები დაკარგა ტელევიზიებიდან გვმოძღვრავდენენ. ამ აქციამ შედეგი რომც ვერ გამოიღოს, ემზარ კვიციანს მორალურ მხარდაჭერას მაინც გამოვუცხადებთ, გავამხნევებთ, რაც გასაჭირში (ციხეში) მყოფი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 

   "ივერიონი" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.

-ბატონო ზვიად, აქციაზე არ ჩანდნენ ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები და ახლობლები, რატომ?

-მართალია, აქციაზე არ იყვნენ ემზარის ოჯახის წევრები და ნათესავები, რადგან სიძე გარდაეცვალა და დღეს გასვენება იყო.

-აქციაზე მაქსიმუმ 50 კაცი შეიკრიბა, თქვენი სტატუსიდანაც-"შანგრილას დემონტაჟის აქციაზე არ გამოხვედით (100 კაცი), არც აზარტული თამაშების რეკლამირებაზე (20), არც კაზანტიპზე (400 კაცი), არც 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპულების პატივის მიგებაზე (30 კაცი), არც დღეს ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნაზე (50 კაცი).... სახეზეა საზოგადოების სრული დემორალიზაცია! დღეიდან ჩემს სტატუსებზე წუწუნი არ დავინახო... ნებისმიერი მთავრობა იქცევა ისე, რის საშუალებასაც ხალხი აძლევს... ასეთი გულგრილი და მორჩილი ერი განწირულია მუდმივი დამარცხებისთვის და მას მომავალი, "ზეციური სასწაულის" გარდა არ გააჩნია!!!- ჩანს, რომ საზოგადოებაში მუხტი საკმაოდ დაბალია, როგორ ფიქრობთ, რატომ? დაიღალა ხალხი?

-საზოგადობაში გამეფებულია უნდობლობა, ნიჰილიზმი... მესმის, რომ ეს ყოველივე განპირობებულია წარუმატებლობით, დაკარგული ტერიტორიებით, ეკონომიკური მდგომარეობით, მძიმე სოციალური ფონით, მაგრამ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მაინც მიმაჩნია, რომ საზოგადოება უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს და მინიმუმ თანაგრძნობას მაინც უნდა გამოხატავდეს გაჭირვებული ადამიანის მიმართ... დღეს ემზარს არ დავუდგებით გვერდში და ხვალ მასავით აღარავის ექნება ხალისი საკუთარი სისხლის ფასად დაიცვას სამშობლო!

-რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

-ხვალ 12:00-ზე ზუგდიდში სასამართლო პროცესი გაიმართება და თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, ემზარის ოჯახთან შენახმებით.

    

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: