აღსარულების ბიურო ივანიშვილის 80 მილიონთან დაკავშირებით თავს იმართლებს
ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი არ გახარჯულა და ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ადასტურებს.
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 პრიმა 3 მუხლის მე-11 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევის გამო, გააუქმა ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო ღონისძიება. ამის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
"ივერიონი" დაუკავშირდა აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს ბესო ლილეიშვილს. ჩვენ დავინტერესდით, აღსრულების ბიუროს შიდა აუდიტს ჰქონდა თუ არა შესწავლილი სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევები, რაზეც ეს უწყება საკუთარ განცხადებაში საუბრობს. ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, დავეკავშირებინეთ შიდა აუდიტის სამსახურთან, უშედეგო აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯარიმა 79 710 021,60 ლარის ოდენობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით დაეკისრა, პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შეწირულობის განხორციელებისთვის.