ისლამური ჯიჰადი და წითელწვერა ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი

ისლამური ჯიჰადი და წითელწვერა ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი

ქრისტოფ ზიდოვი
ომარ ალ-შიშანი „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო მეთაურად ითვლება. ჯერ კიდევ სამი წლის წინათ ეს ახალგაზრდა კაცი საქართველოს საპყრობილეში იჯდა: რადიკალიზაციის ისტორია.


ჯიჰადმა ომარ ალ-შიშანის სახეზე თავისი კვალი დატოვა - კანი მოყვითალოა,  თვალები ღრმადჩამჯდარი, მოწითალო წვერი მკერდამდე სცემს. თავის 28 წელთან შედარებით შიშანი უფრო ხანშიშესული ჩანს. ასაკს მხოლოდ მაშინ მიხვდები, როცა იგი საუბრობს - ინტერნეტ-ვიდეოში მშვიდი, დაბალი ხმით მორიდებით ლაპარაკობს კაცი, რომლის მზერაში დაძაბულობაა არეკლილი და იგრძნობა, რომ საჭირო სიტყვებს ეძებს.

ალ-შიშანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ხელმძღვანელად გამოიკვეთა. იგი ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო მეთაურად ითვლება. ალ-შიშანი ერაყის პროვინცია ანბარს აკონტროლებს. ამ ზაფხულს ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ იგი ერაყ-სირიის საზღვრის ლიკვიდაციას ზეიმობს. იმ პერიოდიდან ომარ ალ-შიშანი და მისი რაზმი სულ უფრო და უფრო მიიწევდა ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ, დღეს კი ბაღდადამდე სულ რაღაც 20 კილომეტრიღა აშორებს.


ალ-შიშანის აღზევება ორი წლის წინ დაიწყო - 2012 წელს იგი თარხან ბათირაშვილისგან „ომარ ალ-შიშანად“ გადაიქცა, ანუ „ჩეჩენ ომარად“. მან თავისი საბრძოლო სახელი თვითონ აირჩია, თუმცა ბათირაშვილი ჩეჩნური გვარი არ არის.


იგი 1986 წელს საქართველოში დაიბადა, მამა ქრისტიანი ჰყავს, დედა - ჩეჩენი მუსულმანი ქალი. საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა რელიგიური რწმენის მქონე ადამიანებს შორის ქორწინება იშვიათი არ იყო.


თარხან ბათირაშვილი საქართველოს მთიან მხარეში - პანკისის ხეობაში გაიზარდა, რომელიც რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს ჩეჩენი მებრძოლებისათვის ზურგის ბანაკს წარმოადგენდა. თემურის მამამ მოგვიანებით თქვა, რომ თარხანი ჯერ კიდევ ბავშვობის დროს ეხმარებოდა ჩეჩენ მებრძოლებს და ხეობაში გზებს ასწავლიდა.
სკოლის დასრულების შემდეგ თარხან ბათირაშვილი ქართულ არმიაში გაიწვიეს, სადაც სადაზვერვო ქვედანაყოფში სერჟანტის წოდებას მიაღწია. 2008 წლის კავკასიურ ომში იგი რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. თარხანს იმედი ჰქონდა, რომ სამხედრო კარიერაში წინ წავიდოდა, მაგრამ, 2010 წელს განგებამ სხვაგვარი ბედი მოუმზადა - იმ საბედისწერო დღეს ექიმებმა მას ტუბერკულოზი დაუდგინეს. რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო ჰოსპიტალში იწვა, შემდეგ კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არმიიდან გაათავისუფლეს. მისი მცდელობა სამხედრო სამსახურში დაბრუნებულიყო, უნაყოფო გამოდგა. თარხანი სამუშაოდ არც პოლიციაში არ მიიღეს. იმ წელს დედამისიც გარდაიცვალა განუკურნებელი სენისგან - მას კიბო ჰქონდა. „ჩემმა შვილმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა“, - იხსენებდა მამამისი მოგვიანებით.


2010 წლის სექტემბერში თარხან ბათირაშვილი ქართულმა პოლიციამ დააკავა იარაღის არალეგალური შენახვისთვის. მას სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახალგაზრდა კაცი ციხეში რადიკალი ხდება: „მე ალაჰს აღვუთქვი, რომ თუ ციხიდან ცოცხალი გამოვალ, წმინდა ომში ჩავერთვები“, - ამბობს თარხანი ინტერნეტში ისლამისტთა ფორუმზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში. საპყრობილედან იგი 16 თვის შემდეგ გამოდის, ვადამდელი გათავისუფლებით. მას უკვე „ომარ ალ-შიშანი“ ჰქვია, ეგვიპტეში მცირე ხანს იმყოფება და 2012 წლის მარტში სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ერთვება.


ლ-შიშანი მალე მუჰაჯირთა ლაშქრის მეთაური ხდება, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში აქტიურ სამხედრო მოქმედებას ეწევა. მისი რაზმში ძირითადად კავკასიელებისგან შედგება, თუმცა არიან სხვა ეროვნების მქონე მებრძოლებიც. ჯიჰადისტები მონაწილეობენ ქალაქ ალეპოს ბრძოლებში, ხოლო 2013 წლის აგვისტოში მათ თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სირიის არმიის მინაგის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიიტანეს იერიში.


მიუხედავად სამხედრო წარმატებებისა, ბათირაშვილი ძლიერი პარტნიორის მოძებნას ცდილობდა. „ერაყ-სირიის ისლამური სახელმწიფოს“ გარიჟრაჟზე იგი ერთგულებას უცხადებს აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადს, ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელს. 2013 წლის ბოლოს ალ-შიშანის თავისი რამდენიმე ასეული მებრძოლით ახლო აღმოსავლეთში ჯიჰადისტთა ყველაზე ძლიერი დაჯგუფებად იქცა.


მას შემდეგ თარხან ბათირაშვილი არა მარტო ყველაზე ცნობილი მეთაურია, არამედ, არასაკმარისი ქარიზმის მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე ცნობილი წარმომადგენელიც. ომარ ალ-შიშანი საჯაროდ ძირითადად რუსულ ენაზე ლაპარაკობს და თავისთან, სირიასა და ერაყში იხმობს ისლამისტებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან. იგი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი ბრძოლის მხოლოდ პირველი ეტაპია და როგორც კი „ისლამური ხალიფატი“ მოძლიერდება, ჯიჰადს იგი რუსეთში გადაიტანს. ბოლო ხანს იგი მამამისს ტელეფონით ორჯერ ელაპარაკა: პირველი საუბრის დროს იგი რუსეთს დაემუქრა, მეორედ კი აცნობა, რომ შვილი შეეძინა: „სულ შენ გგავს“.


„შპიგელი“ (გერმანია), 21 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.spiegel.de/politik/ausland/is-islamischer-staat-omar-al-schischani-ist-wichtigster-kommandeur-a-998234.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: