პარლამენტში დღეს ოჯახური ძალადობის თემაზე იმსჯელებენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტეში ოჯახური ძალადობის თემაზე იმსჯელებენ. დეპუტატები ბოლო დროს ოჯახური ძალადობის მიზეზებს გაანალიზებენ და პრევენციული ღონისძიების გზებს დასახავენ.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დაიგეგმოს სამომავლო ღონისძიებები მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.
"აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, პარლამენტის როლი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში ერთად არის აუცილებელი, მათ შორის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, რომ ერთის მხრივ გავაანალიზოთ ვითარება და ამ ანალიზზე დაყრდნობით დაიგეგმოს სწორი ღონისძიებები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის სხდომას იუსტიციის მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დაესწრებიან.