ევრობანკმა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი

ევრობანკმა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი

 სახელმწიფო პროგრამის- "აწარმოე საქართველოში" მხარდასაჭერად, ადგილობრივი მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, ევრობანკმა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შედგა.


  მდიდარი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე, ევრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" ტექნიკური დახმარებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რათა მოხდეს მათი კონკურენტუნარიანობის სტიმულირება, მეწარმეობის წახალისება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალის გაუმჯობესება, ინოვაციების დანერგვა და ახალი ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება.

  "მახარებს, რომ დღეს ახალ ინიციატივას ეყრება საფუძველი. ეს არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესანიშნავი საშუალება ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის - მეწარმეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში. რეალური სექტორი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი და მზარდი ეკონომიკის ხერხემალია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა დარგობრივი პოლიტიკის სფეროში დიალოგის გზით. ამდენად, გვსიამოვნებს მათთან წარმატებული გუნდური მუშაობის გაგრძელება ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში", - განაცხადა ევრობანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომამდგენლობების რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.
  მემორანდუმი, რომელსაც ხელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მოაწერეს, მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატს განსაზღვრავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: