დავით სერგეენკო:ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები არც ერთი ქვეყნისთვის ახალი არაა!
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ძალადობის პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრას შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ესწრებიან, რომლებიც სამუშაო ჯგუფში შედიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები არც ერთი ქვეყნისთვის ახალი არაა და დღევანდელი შეხვედრის ამოცანაა, იმ საქმიანობას, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, პრემიერმა გაუწიოს კორდინაცია.
"ჯანდაცვის სამინისტროში წლებია, არსებობს ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სპეციალური დეპარტამენტი. ჩვენ მთელი ეს პერიოდი მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანაა, რომ საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, პრემიერის მიერ იყოს კოორდინირებული. რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და ბევრად მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს საკითხი უფრო ეფექტურად ვმართოთ", - განაცხადა სერგეენკომ.