ნოდარ ხადური: მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღისთვის 300 000 ლარი გამოიყო!
სიღნაღის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოიყო.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, სიღნაღის რაიონის ბიუჯეტს პრობლემა მოსავალის გაფუჭების გამო აქვს.
"წელს სიღნაღის რაიონში გვალვა იყო, რის გამოც მოსახლეობამ მოსავლის დიდი ნაწილი ვეღარ აიღო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია, ფიზიკური პირები აღარ გადაიხდიან მიწის გადასახადს და შესაბამისად, სიღნაღის რაიონის ბიუჯეტს გაუჩნდა პრობლემა, რადგან ეს მისი შემოსავლის წყარო იყო. ჩვენ 300 000 ლარი გამოვყავით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რათა სიღნაღის მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს საქმიანობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.