მამა თეოდორე გიგნაძე: მრევლში დაგროვილი პრობლემების 90% კაცის ბრალია - კაცი ხარ და მთავარსარდალი ხარ, კაცი მხოლოდ მამრი არ არის!

მამა თეოდორე გიგნაძე: მრევლში დაგროვილი პრობლემების 90% კაცის ბრალია - კაცი ხარ და მთავარსარდალი ხარ, კაცი მხოლოდ მამრი არ არის!

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა მამა თეოდორე გიგნაძემ ერში დაგროვილ აგრესიულ-დეპრესიულ ფონზე ისაუბრა და მისგან „განკურნების“ გზებზეც მიგვითითა.

 

- მამაო, საზოგადოება შეშფოთებულია ამ ბოლო ხანებში ქალებზე განხორციელებული ძალადობის გამო, რომელიც ფატალური შედეგებით მთავრდება. როგორც მოძღვარი, როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი?

 

- ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოში აგრესიულ-დეპრესიული ფონი ძალიან მაღალია. დღეს საქართველოს თითოეული წევრი ამის მსხვერპლია და, ვისაც სუსტი ფსიქიკა აქვს, ამ ფონს ექვემდებარება. პრევენციული ზომების მიღება გარდაუვალია, თუმცა სამართლებრივად შეიძლება ყოველთვის ვერ დაიცვა ადამიანი, თუ ქვეყანაში უსამართლობა გაიზრდება!

 

ერთადერთი,რაც დეპრესია-აგრესიას კურნავს - ეს სულის ჯანმრთელობაა ანუ ხსნა სულიერად ღმერთთან სიახლოვეშია. ეს ადამიანსაც უნდა სურდეს, რადგან ეკლესია ძალით ვერავის ,,გააქრისტიანებს“!..

 

ეკლესიის მოვალეობაა, ხალხს მადლი დაანახოს, თუმცა ვერც ეკლესია იყენებს ბოლომდე და სწორად თავის რესურსს. მე ჩემს თავს ვადანაშაულებ, როგორც მღვდელი, რომ ადამიანებს ბოლომდე ვერ ვაჩვენებ ღმერთთან ურთიერთობის ბედნიერებას. თუ ადამიანს ქრისტე უყვარს, უყვარს ადამიანიც!

 

ვინაიდან ეკლესიას მოციქულთა საქმის გაგრძელება ევალება, მოვალეა, ქრისტეს მოსვლაში, მის ჩვენთან მყოფობასა და მკვდრეთით აღდგომაში დაარწმუნოს ადამიანი. ქრისტიანობა რომ ლოზუნგები არ არის, სამწუხაროდ, ეს ვერ დავანახეთ ადამიანებს -  ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ რელიგიური სწავლების რეალიზების ფორმებში.

 

ვინც მკვლელობას სჩადის, ისიც მსხვერპლია, ამის არცოდნაა ჩვენი საზოგადოების სირცხვილი. ბოლოს და ბოლოს, 25 წელია თავისუფალი ერი ვართ და თავისუფლების ნაყოფად ამას ვიმკით?!

 

- ამ საკითხზე ეკლესიამ ოფიციალური პოზიცია რატომ არ გამოხატა?

 

- სადაც ხმა მიმიწვდება, ყველგან სიკეთეს ვქადაგებ და  ბოროტებას ვამხელ. მხოლოდ მრევლის გამოყვანით საქმეს არ ეშველება. აქციებით ვერ მოგვარდება ეს პრობლემები. გამოსავალი ქრისტეს სიყვარულია. რაც მეტი ქრისტიანი ვიქნებით, საქართველოს ნაკლები პრობლემა ექნება. თუ ქრისტეზე ესაუბრები ადამიანს, ის უნდა შეიცვალოს. როცა ვწირავ, ზოგჯერ ვგრძნობ, როგორ რჩება ჩემი სიტყვა ჰაერში გასროლილ სიტყვად.

 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში ფსიქოზი მძვინვარებს. აგრესიას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. შეიძლება ამის მიზეზი სოციალური ფონიც იყოს?

 

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. ის კი არა, მდიდარი ადამიანებიც ვარდებიან დეპრესიაში და თავს იკლავენ. მდიდარი ღარიბზე მორალურად უკეთესი შეიძლება არც იყოს. მან შეიძლება  არ იყაჩაღოს, მაგრამ სხვა ამბიციებს შეეწიროს.  კაცმა ცოლი იმიტომ კი არ მოკლა, რომ შიოდა, არამედ, სხვა მოტივაცია ამოძრავებდა, რაც სულიერი პრობლემაა.

 

რაც შეეხება ფსიქოზის მძვინვარებას საქართველოში, ეს უკვე დადასტურებულია. მაგალითად, ქუჩაში ოდნავ დააყოვნებ თუ არა მანქანის დაძვრას, მძღოლების რისხვა და პიპინი დაგატყდება თავს. ეს ქრისტეს სიყვარულის დაკარგვის ბრალია, თორემ, სადაც ქრისტეა, იქ ფსიქოზს რა უნდა?!

 

- მამაო, ვინაიდან ქალი ოჯახში დომინანტი გახდა, მამაკაცს შური ხომ არ გაუჩნდა მისი დამოუკიდებლობის მიმართ?

 

- რა თქმა უნდა, მიზეზი ესეცაა, რადგან, როცა ქალია შემომტანი, კაცს ეს შურს. სოფლის მსგავს კერძო დასახლებებში ბევრგან ნახავთ ქუჩაში უსაქმურად მდგომ მამაკაცებს, იქ არსად ტრიალებს ქალი, ე.ი. ქალი შრომობს და ოჯახის წარმმართველი ხდება.

 

ბიბლიაში ნათქვამია: ,,ქმარი არის თავი ცოლისა, ქმრის თავი ქრისტეა“. აქედან გამომდინარე, ოჯახზე პასუხისმგებელი მამაკაცია, მაგრამ, როცა მემთვრალეობს, საკუთარ დედაზე იგინება, ფულს აგებს და ნარკომანობს, ამ პასუხისმგებლობას კარგავს და სადავეებს ქალი იღებს. ხშირად ასეთი ცოლები  სხვებს შეიყვარებენ ხოლმე და ა.შ. ჩემს მრევლში დაგროვილი პრობლემების 90% კაცის ბრალია. კაცი ხარ და მთავარსარდალი ხარ, კაცი მხოლოდ მამრი არ არის, ეს არ დაგავიწყდეს!

 

- როგორ ფიქრობთ, რა პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი, რაც ერს „განკურნებაში“ დაეხმარება?

 

- ქართველები უცნაური ვართ - 70 წელია ჩვენს ინტელიგენციას ვხოცავთ, ხოლო ნამდვილი ინტელიგენციის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება; ყველა პრობლემის მიზეზს სხვებში ვეძებთ (თუნდაც ამერიკაში, რუსეთში, ევროპაში...) და გვავიწყდება, ჩვენშიცაა ბოროტება; რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, თავი ყველაზე კარგი გვგონია; ქალზე ვძალადობთ, ვკლავთ, ვნარკომანობთ, ნაგავს ქუჩაში ვყრით და ბრალს სხვად ვდებთ.

 

ვინაიდან, ერში ეროვნული, რელიგიური, ზნეობრივი ნიჰილიზმია, საბავშვო ბაღიდანვე მასშტაბურადაა შესაცვლელი  ადამიანებთან მიდგომის სწავლება. ზემოჩამოთვლილი ოჯახურ ინსტიტუტს ებრძვის. სამწუხაროდ, ხშირად მასწავლებლებიც კი თავიდან აღსაზრდელნი არიან. შეუძლებელია, ქვეყანაში ყველას თავისი სიმართლე ჰქონდეს, რადგან ობიექტური სიმართლე მხოლოდ ღმერთია, რომელსაც ეკლესიაში იპოვით.

 

ქართველებო, ხომ  ხედავთ, როცა ქრისტეს უარვყოფთ, საშინელ დღეში ვვარდებით. ეს იმას ნიშნავს, რომჩანს, ჩვენი ღირსება  ქრისტეს და  სამშობლოს სიყვარულია!

 

                                                                                                               ესაუბრა ია ჯღარკავა   

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: