ვიქტორ დოლიძე: ადიგენის ინციდენტი საზოგადოებრივ-კულტურული რთული გადმონაშთია!
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ადიგენის რაიონში მომხდარ ინციდენტს საზოგადოებრივ-კულტურულ გადმონაშთს უწოდებს, რომელსაც, მისი აზრით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთობლივად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუსვან წერტილი.
მისივე თქმით, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებების თავიდან აცილების მიზნით, თავის დროზე პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.
"მე ვფიქრობ, ეს საზოგადოებრივ-კულტურული რთული გადმონაშთია, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაუსვას წერტილი, მაგრამ ამაში საზოგადოების ჩარევაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ის, რომ რელიგიური უმცირესობები თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობების უსაფრთხოება და უფლებების დაცვა უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, ამაზე ორი აზრი არ არის. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.