უშიშროების საბჭოზე დასასწრებად ირაკლი ღარიბაშვილს მიწვევა გაეგზავნა
28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ჩარჩო-დოკუმენტი და ქვეყნის თავდაცვითი საკითხები იქნება., - ამის შესახებ, იაპონიაში ოფიციალური ვიზიტად მყოფმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.
ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე დასასწრებად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიწვევა უკვე გადაეგზავნა.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, პრემიერი არის საბჭოს მუდმივი წევრი. როგორც კი პრეზიდენტმა სხდომა დაანონსა, ყველა მუდმივ წევრს და ასევე მოწვეულ სტუმარს, მე გადავუგზავნე ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული იყო სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი", - განაცხადა იმერლიშვილმა.
უშიშროების საბჭოს სხდომა, სახელმწიფო კანცელარიაში 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, უშიშროების საბჭოს სათათბირო ოთახში გაიმართება.