თინა ხიდაშელი: სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალიზების უფლება არავის აქვს!
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოქმედი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის დღევანდელი სხდომა ჯგუფის სხდომის ფორმატში არ ჩატარდა. სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი არ მივიდა.
ჯგუფის წევრები ხელმძღვანელის შეცვლის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავენ.
"სხდომა არ ტარდება, რადგან ბატონი ბეჟაშვილი, რომელიც ჯგუფის ხელმძღვანელია, პარლამენტის შენობაში მოსვალაზე უარს აცხადებს. ყურადღება უნდა გავამახვილო იმაზე, რომ მათი ეს ბოიკოტი უკვე დარღვეულია - გუშინ ბატონი ბობოხიძე მთელი დღე აქ იყო და სხვადასხვა სხდომებს ესწრებოდა. ბატონ ბარამიძეს არა აქვს პრობლემა, უცხოელ დელეგაციებთან შეხვედრებს დაესწროს, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ, სადაც საქმეა საკეთებელი, არ მოდიან და სადაც თავია მოსაწონებელი და გამოსაჩენი, მოსვლის პრობლემა არა აქვთ. დღევანდელი სხდომა ვერ ტარდება, რადგან ასეთ დესტრუქციულ ქმედებას არ ველოდით, თუმცა, შემდეგი სხდომისთვის კომისიის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ბუნებრივია, ბეჟაშვილს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალიზება მოახდინოს", - განაცხადა ჯგუფის წევრმა თინა ხიდაშელმა.