ანი მიროტაძე: საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა პრიორიტეტულად ჩათვალა!
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ჩაშლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ეხმაურება. როგორც მიროტაძე აცხადებს, ვიზიტების ჩაშლა კარგი არ არის.
"შესაძლოა, უფრო პრიორიტეტულად ჩათვალა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და ბრიუსელში გამგზავრება გადადო.
თუმცა, მიმაჩნია, რომ არ არის კარგი, როცა ვიზიტების ჩაშლა ხდება. არ უნდა ჩაიშალოს, ვინაიდან თვისობრივად ახალ სახელმწიფოს ვაშენებთ, განსხვავებულს ძველი ხელისუფლებისგან და რაც მეტი ინფორმაცია გავა საქართველოდან, რაც მეტ ინფორმაციას გაიტანენ განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის",-განაცხადა მიროტაძემ.
მარგველაშვილი ბრიუსელში პირველი მსოფლიოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა.