რა ელანდება „თავისუფალ თაობას“ და რა ზიანს მოუტანს მათი აგრესიული აქტიურობა საქართველოს?!

რა ელანდება „თავისუფალ თაობას“ და რა ზიანს მოუტანს მათი აგრესიული აქტიურობა საქართველოს?!

„ბატონო ზაურ, რას გვერჩით „თავისუფალ თაობას“? რატომ არ მოგწონთ ჩვენი არსებობა? მეტსაც გეტყვით, ძალიან კარგად ვიცი, ვინ გაკონტროლებთ და ვისგან ფინანსდებით. იქნებ, დროა ყველაფერს ფარდა ავხადოთ“ _ ეს წერილი პირადში (სოციალურ ქსელში) „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა მომწერა.

სადღობელაშვილის მუქარაშერეული პროტესტი-გაფრთხილება „ივერიონში“ გამოქვეყნებულ საბა საბახტარაშვილის სტატიას „საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ანუ ვინ ათამაშებს „თავისუფალ თაობას“ უკავშირდება.

მას და მის მხარდამჭერებს რატომღაც არ მოეწონათ ავტორისეული ვერსია, რომ პროცესები შეიძლება ვიღაცის მხრიდან მართული იყოს და არ არის გამორიცხული, ქვეყანაში სამოქალაქო  დაპირისპირების წინაპირობები შეიქმნას.

ვიდრე ამ თემაზე მსჯელობას გავაგრძელებ, ვიტყვი, რომ სადღობელაშვილის მუქარაშერეულ („ვიცი ვინ გაკონტროლებთ და ვისგანაც ფინანსდებით, იქნებ დროა, ყევლაფერს ფარდა ავხადოთ!“) გაფრთხილებას წინ უძღოდა სიტყვიერი მუქარა „ივერიონის“ ახალგაზრდა შტატგარეშე თანამშრომლის მიმართ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ აღნიშნული სტატიის გამო. ოღონდ, არ დაუკონკრეტებიათ, რა ფორმის პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი!

საკმაოდ ზერელე და კონტექსტიდან ამოვარდნილი მეჩვენა სტატიაზე მიბმული კომენტარები, რომელსაც გარდა კომენტარებისა, შეიძლება ყველაფერი უწოდო - როცა ადამიანს რაღაცას უწუნებ, ან რაღაცაზე ედავები, სათანადო არგუმენტები უნდა გქონდეს, რომ კუთხეში მიაყენო და ბოდიში მოახდევინო, ან უბრალოდ გააჩუმო მაინც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მხოლოდ სიტყვების რახარუხთან და უხეიროდ აკვიატებულ „ბრალდებებთან“ გვაქვს საქმე.

„თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი (სიტყვა „აქტივისტს“ არ ვხმარობ, რადგან, პიროვნულად არ ვიცნობ და არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან) კი ძალიან შორს მიდის და „ივერიონს“ კაკებეშნიკობას“, კონკრეტულად,რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას დასაყრდენად და რუპორად მოიაზრებს. ეტყობა, მან არ იცის (ან, არ უნდა იცოდეს!), რომ „ივერიონსა“ და „ივერონს“ შორის სხვაობა მარტო „ი“-ხმოვანში კი არ არის - „ივერონი“ მართლაც არსებობდა მინდია გულუას დაფინანსებით და მე ვხელმძღვანელობდი, მაგრამ, ადგეს რომელიმე ჭკუათმყოფელი და მაჩვენოს, რა პოზიცია ეკავა „ივერონს“ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში (ეს სააგენტოც სახელდახელოდ არჩევნებისთვის შეიქმნა) და რამდენად ემსახურებოდა იგი „ნაციონალების“ ინტერესებს?!

მე არ მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა მას, მთავარია, რას ემსახურებოდა და რა წვლილი შეიტანა „ქართული ოცნების“ გაპიარებაში და საზოგადოების სწორი ორიენტირის ფორმირებაში. სხვა თემაა,პირადად რა წინააღმდეგობებს წავაწყდი მავანთა და მავანთა მხრიდან და როგორ დამიფასეს ჩემი უპირობო მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მესვეურებმა... (თუმცა ეს ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციაზე გავლენას არ ახდენს - ყოველთვის ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, თეთრს თეთრი დავარქვა და შავს შავი, რაც ბევრს ეტყობა არ მოსწონს).

ახლა კი სიტყვასიტყვით გადმოვცემ ბ-ნ შოთა აფხაიძის კომენტარს „ისევ არ ისვენებენ კაგებეშნიკები - ეს მინდია გულუას საიტი არ არის? ე.ი. რუსნაცბოზების ალიანსი თავიდან ვერ მოვიწყვიტეთ“.

სამწუხაროდ, მარტო ბატონი შოთა არ ფიქრობს და არ ისვრის ჰაერში ასეთ გაუაზრებელ და ცილისმწამებლურ სიტყვებს (ეთიკას თავი დავანებოთ), მას ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს და ჩვენი  უბედურებაც იმაშია, რომ დღეს გასაქანი სწორედ ასეთ ცილისმწამებლებს ეძლევათ!

უფრო კორექტულია ბ-ნი შოთას მოგვარის გიორგი აფხაიძის კომენტარი, რომელიც ფიქრობს, რომ „როცა რეპრესირებული ადამიანი უყურებს, თუ როგორ ემზადებიან „ნაცები“ სატელევიზიო დებატებში რევანშისათვის, აღნიშნული სტატია გადაზედმეტებული მეჩვენება“.

არა ბატონო გიორგი, სტატია კი არ არის გადაზედმეტებული, მთელი უბედურება იმაშია, რომ რეალობას მოვწყდით და ვერ ვაცნობიერებთ, როგორ მიგვაქანებენ ბნელი ძალები უფსკრულისკენ!

თუ სატელევიზიო დებატებში „ნაცები“ „ოცნებისტებს“ 5-ით ნოლს უგებენ, ეს არც ჩემი ბრალია და არც თქვენი!..

რევანში კი არა, არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან „ნაცები“ პირველი სამი თვე კუთხეში იყვნენ მიმწყვდეულები, მაგრამ ძალით თავსმოხვეულმა კოაბიტაციამ თუ დღევანდელი ხელისუფლების უხეირო (იქნებ მიზანმიმართულმა) პოლიტიკამ ისევ ფერფლიდან აღადგინა ისინი და ახლა რა  გასაკვირია რევანშისთვის ემზადებოდნენ?!

სწორედ ამიტომ წერდა სტატიის ავტორი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა ხელისუფლებამ უნდა იკისროს. ასეთი აქციებით მხოლოდ ქვეყანაში დაგროვილ აგრესიას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ისედაც გახლეჩილ საზოგადოებას კიდევ უფრო დავანაწევრებთ დაპირისპირებულ ჯგუფებად. მითუმეტეს, საშიშია, რომ ამ აქციების ავანგარდში ახალგაზრდები დგანან. მინდა ვირწმუნო, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ შედეგს!

სხვათაშორის, საკმაოდ გაწონასწორებული და რეალობასთან მიახლოებული კომენტარი გააკეთა „ივერიონის“ ერთგულმა მკითხველმა ქ-ნმა ციცინო დადიანმა: „ერთმანეთს ნუ დაერევით, ვეცადოთ ხელისუფლებას თავისი დანაპირები სისრულეში მოვაყვანინოთ. არანაირ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ, ზუსტად ამ ეტაპზეა ერთად დგომა საჭირო“.


დიახ, ქალბატონო ციცინო, ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს ვერც ვიღაცებისგან დაქოქილი „თავისუფალი თაობა“ გააკეთებს და ვერც ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ცენტრი იხსნის ამ მთავრობას „ნაციონალების“ პროვოკაციებისგან.

მთავარია, ხელისუფლებამ „ნაციონალების“ პოლიტიკური ნეიტრალიზების პოლიტიკური ნება გამოამჟღავნოს და მე პირველი გამოვალ ქუჩაში მის მხარდასაჭერად. ამიტომ ეუბნებოდა სტატიის ავტორი „თავისუფალი თაობის“ აქტივისტებს, მისამართი შეგეშალათო - აგრესია ყოველთვის აგრესიას შობს და ისედაც დაბინძურებულ ველს კიდევ უფრო აბინძურებს!

მე არ მინდა ამ ახალგაზრდების პატრიოტული ენერგია აგრესიისკენ მიიმართოს. საქართველოს სხვანაირი მომავალი სჭირდება - ჩვენ ერთმანეთის მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი ზიზღი კი არ გადაგვარჩენს, პირიქით, უნდა განვთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან და ერთად დგომა უნდა ვისწავლოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, დანაშაულებრივ რეჟიმს შევეგუოთ - ვინც 9 წლის მანძილზე სისხლს სწოვდა საზოგადოებას, სამართლებრივად უნდა დაისაჯონ (სამართლებრივად და არა ლინჩის წესით!) და „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი პოლიტიკური ავანსცენიდან უნდა გაქრეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ - იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ნებსით თუ უნებლიედ „ნაციონალების“ გვერდით დგანან (ჯერ ერთი უნდა გავარკვიოთ რატომ დგანან დღემდე დამარცხებული პარტიის გვერდით) ჩვენს გვერდით უნდა იცხოვრონ!

ქვეყანა მანამ არ დაწყნარდება, სანამ  სიძულვილს არ შევიძულებთ. მერწმუნეთ, დღეს სწორედ ის ძალაა საქართველოს ყველაზე დდი მტერი, ვინც ეს ახალგაზრდობა თავიანთი თანატოლების საწინააღმდეგოდ დაგეშა - ამით უნდა საზოგადოებას სეირი აყურებინოს და ქვეყანაში არსებული ისედაც დამძიმებული ფონი კიდევ უფრო დაამძიმოს!

ცხადია, რა ავატიურისტული ჩანაფიქრი იმალება ამ ყველაფრის მიღმა!

ბ-ნ ლადოს გასაგონად კი ვიტყვი: რომ „ივერიონს“ არც მინდია გულუა და არც სხვა გულუა არ აფინანსებს. ისე, კარგი იქნებოდა,  თქვენს მიერ „მოზიდული“ ფინანსებიდან ცოტას თუ მოგვიტეხავთ - იქნებ, „ივერიონსაც“ ეშველოს და თქვენც დაწყნარდებით, რადგან „ივერიონის“ კრიტიკას აცდებით!

P.S. წერილი გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა ლადო სადღობელაშვილმა ფრიად „ორიგინალური სტატუსი“ გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. სიცხადისთვის ამ „შედევრს“ სრულად ვთავაზობთ მკითხველს:

„ამ ბოლო დროს საინფორმაციო ანალიტიკურმა სააგენტო "ივერიონმა" "თავისუფალი თაობა" ერთობ საინტერესო ეპითეტებით შეამკო და საოცრად პროვოკაციული და შეურაწმყოფელი სტატიები მოგვიძღვნა, ამასთან დაკავსირებით მინდა გავაკეთო განცხადება:

ნაციონალების დავალებით კრემლის მარიონეტმა სააგენტომ ივერიონმა, რომელსაც აფინანსებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული თაღლითი ვინმე გულუა გამოგვიცხადა აქტიური ბრძოლა. ნაცები იმდენად დაშინდნენ რომ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას მეშვეობით დაუკავშირდნენ მინდია გულუას და თხოვეს დახმარება "თავისუფალი თაობი"ს წინააღმდეგ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თემურ ალასანიას მჭიდრო კონტაქტს რუსულ სპეცსამსახურებთან და ნაცების მოღალატეობრივ პოლიტიკას. მივმართავთ ივერიონის თაღლით მფლობელს ვინმე მინდია გულუას---მოსკოვს შეფარებულო მანქურთო, შენი უბადრუკი მცდელობა, რომ შენი მარგინალი საიტიდან ჩირქი მოგვცხო აბსოლიტური უაზრობაა, ამიტომ გირჩევ დაოკდე და შენს მეგობარ ნაცებთან ერთად გაემზადო ისტორიულ სანაგვეში მოსახვედრად.
P.S. დღეს, ჩვენი "თავისუფალი თაობის" დისკრედიტირება აწყობს მხოლოდ ნაციონალებსა და მათთან დაახლოებულ ნაც-საცეცებს! ასე რომ ძვირფასო "ივერიონო" რთული მისახვედრი არ არის ვის დაქვედებარებაშიდაც იმყოფებით!!!“

არა, ბატონო ლადო  (ისე, მგონი შვილადაც მეკუთვნი) თქვენ მისამართი ამჯერადაც შეგეშალათ. ალბათ უკვე გაეცანით რა სამსახური გაუწევია თქვენთვის „ივერიონს“ აქედან გამომდინარე, მე თქვენს ადგილზე ხმის ამოღებისაც შემრცხვებოდა.


ჯერ ერთი, მე არასდროს არავის დავალება არ შემისრულებია და მითუმეტეს „ნაციონალების“ დავალებას ვერ შევასრულებდი. ეგ რომ მდომოდა, ივერიონი“ ცოტა „მოსუქებული“ იქნებოდა დღეს ზოგ-ზოგიერთებივით. საიდან მოიტანეთ, რომ „ვინმე გულუა“ გვაფინანსებს?! რა თემურ ალასანია და  რუსეთის სპეცსამსახურები გელანდებათ?!

პირი გამოირეცხეთ, როცა „ივერიონზე“ საუბრობთ. „ივერიონი“ „მარგინალი საიტი“ კი არ არის, ალბათ ერთადერთი მედია-სშუალებაა საქართველოში, რომელიც უფულოდ, ყოველგვარი „მხარდაჭერის“ გარეშე ჭეშმარიტებას ემსახურება. ჭეშმარიტება კი ერთია, რომელსაც თქვენ ბატონო ლადო და თქვენი დამფინანსებლები არ აღიარებთ. მეცოდებით ასეთი ახალგაზრდა კაცი სიცრუისა და სიყალბის გზას რომ დაადექით!

კატეგორიულად ვითხოვ, დაგვიმტკიცეთ რომ ჩვენ „ნაციონალების“ „საცეცები“ ვართ და ჩვენს უკან მინდია გულუა რომ დგას, ან ბოდიში მოიხადეთ ასეთი გამოხტომისთვის, თორემ უახლოეს დღეებში ნამდვილად განახებთ ვინ ხართ თქვენ _ „თავისუფალი თაობა“, ვისგან იმართებით და იმასაც დაგიმტკიცებთ, რა ზიანის მოტანა შეგიძლიათ საქართველოსთვის ასეთი აგრესიული და გაუაზრებელი აქციებით!..

თუ ასე არ იზამთ, ორშაბათს, რომელიმე პრეს-კლუბში დავჯდები და პირველ „მოთელვას“ გავაკეთებ, მერე კი ნამდვილად არ გავჩერდები. გვერიდეთ!

                                        ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: