აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდს?
მაქსიმ მაკარიჩევი
(შემოკლებით)
საქართველოს ახალი ხელისუფლება არ მალავს თავის განზრახვას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ყველაზე მეტად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გაუარესდა, რომელიც ვაშინგტონის მითითებებს ასრულებდა. მისმა მოქმედებამ ორ ქვეყნის კავშირებს უდიდესი ზიანი მიაყენა.
გასაგებია, რომ მიშიკოს მრავალრიცხოვანი ხრიკების შედეგებისაგან გათავისუფლება საკმაოდ რთულია, თუმცა არის "სააკაშვილის მემკვიდრეობის" რამდენიმე რუდიმენტი, რომელიც შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ ახლავე უარყოს ან გააუქმოს. "ქართულმა ოცნებამ" მშვენივრად უწყის, თუ როგორ იღებდა მიხეილ სააკაშვილი "გადაწყვეტილებებს" თუ "რეზოლუციებს" რიგ საკითხებზე "ერთიანი ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში. ერთ-ერთი ასეთი რეზოლუციაა "რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ", რომელიც საქართველოს "ნაციონალურმა" პარლამენტმა ერთხმად მიიღო 20111 წლის 20 მაისს, დასავლეთის რიგი წარმომადგენლების წაქეზებით.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს საქართველოს პარლამენტის ასეთ უსაფუძვლო და ყველნაირად გაუმართლებელ "ისტორიულ გადაწყვეტილებას" მხარს არცერთმა ქვეყანამ არ დაუჭირა - იმათაც კი, რომლებსაც რუსეთთან არცთუ ისე მეგობრული ურთიერთობები აქვთ. "ჩერქეზთა გენოციდის" აღიარებით კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის ანტირუსული განწყობა. პარლამენტის რეზოლუციის მიღება ნაკარნახევი იყო იმით, რომ ოკეანის იქიდან თბილისს ურჩიეს - როგორ უნდა მიეყენებინა უსიამოვნება "საძულველი მოსკოვისათვის" ოლიმპიური თამაშების წინ: სოჭს "გენოციდის ადგილი" უწოდეთო. ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია ექსპერტების თვალსაზრისს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევი და გაუზრებელი იყო, რომ მსგავს სიტუაციაში პოლიტიკური კონიუნქტურით მოქმედება წამგებიანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს იყო გარედან თავსმოხვეული გადაწყვეტილება და ის საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა. რატომ დაივიწყეს ქართველმა პარლამენტარებმა ის ფაქტი, რომ ქართველები რუსებთან ერთად ებრძოდნენ თურქეთს? მათ ხომ საკუთარ ხსოვნას "მიაფურთხეს", რაც მკრეხელობად ითვლება წინაპართა ისტორიის პატივისმცემელ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუმცა "ნაციონალების" ასეთი მოქმედება გასაკვირი არ არის, ისინი ხომ მხოლოდ "საკუთარ ექსპერტებს" უსმენდნენ: ერთ-ერთ ასეთ ექსპერტ-პოლიტოლოგს თავში "ჩერქეზთა არმიის" ჩამოყალიბების იდეაც კი მოუმწიფდა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას რუსეთისაგან გაათავისუფლებდა.
როგორც თვითონ "ნაციონალი" დეპუტატები აღნიშნავდნენ, მიხეილ სააკაშვილის გადაჭარბებული კონფრონტაცია რუსეთთან ხშირად დასავლეთის, იგივე ამერიკელების გაღიზიანებას იწვევდა ხოლმე. სოჭის ოლიმპიური თამაშების ბრწყინვალედ ორგანიზებამ და ჩატარებამ (რასაც თვით დასავლელი პოლიტიკოსები აღიარებენ) ნათელი გახადა ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მოქმედების უგუნურება. საერთოდ, "ჩერქეზთა გენოციდის" იდეა იმ ამერიკელი პოლიტიკოსების გეგმებში ჯდებოდა, რომლებიც ყველგან, განსაკუთრებით პოსტსაბჭთა სივრცეში რაღაც "მაიდნების" და "რევოლუციების" მოწყობით არიან დაკავებულები. "ჩერქეზთა გენოციდის" იდეა მიმართული იყო რუსეთის დანაწევრება-დაშლისაკენ, ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ და ისედაც რთული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებისაკენ.
მიხეილ სააკაშვილის უნიჭო მმართველობის ბოლო წლებში, თბილისში, პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით, შეიქმნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი, რომელსაც კულტურის სამინისტროს შენობის ფლიგელი დაუთმეს. ცენტრის საქმიანობას ცნობილი ამერიკული ორგანიზაცია "ჯეიმსტაუნის ფონდი" კურირებდა. ცნობილია, ეს ორგანიზაცია ტრადიციულადაა დაკავებული ანტირუსული რეკომენდაციების შემუშავებით თეთრი სახლისათვის. როგორც "როსიისკაია გაზეტას" წყაროების საშუალებით გახდა ცნობილი, "ჩერქეზთა კულტურის ცენტრს" დღესაც ამერიკელები აფინანსებენ, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც კი პარლამენტი "ჩერქეზთა გენოციდის" აღიარების დეზავუირებაზე ჯერ არ ფიქრობს.
თავის დროზე "ცენტრის" ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მათი ამოცანაა "ჩერქეზთა და კავკასიის სხვა ხალხების კულტურის კვლევა და პოპულარიზაციაო", მაგრამ სინამდვილეში ამ დაწესებულებაში ამერიკული "ენჯეო"-ების მეშვეობით "ტვინების დატუმბვა" ხორციელდებოდა: მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს პოპულარული იყო ე.წ. "საგანმანათლებლი ტურები" ჩრდილოკავკასიელებისათვის, რომლებთაც თბილისში სრული პირობები ჰქონდათ შექმნილი და თავში "დიდი ჩერქეზეთს" იდეას უტენიდნენ.
როგორც აღმოჩნდა, სოჭის ოლიპიადის შემდეგ ამ პიარ-პროექტისადმი დასავლეთის ინტერესი შედარებით შემცირდა. როგორც "როსიისკაია გაზეტას" ერთ-ერთმა ექსპერტმა განუცხადა, თავდაპირველად, სანამ ოლიპიადისათვის მზადება მიმდინარეობდა, ზოგიერთი დასავლელი კურატორი გენოციდის იდეას ფართოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის იდეად განიხილავდა, მაგრამ როგორც ზამთრის თამაშები მაღალ დონეზე ჩატარდა, იდეის ლობირება პასიური გახდა. მოგვიანებით ცენტრმა საქმიანობა გადაახალისა: აწყობენ რაღაც კონფერენციებს, იწვევენ იქ ჩრდილოკავკასიელ მეცნიერებს ამერიკიდან, თურქეთიდან... ბეჭდავენ და გამოსცემენ წიგნებს, რომლებშიც ზემოთ ხსენებული მკვლევარები, არქივებზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ "დიდი ჩერქეზეთის" შექმნის იდეა ("შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე") ჯერ კიდევ ცოცხალია. ამგვარი მონოგრაფიები ეგზავნებათ უცხოურ კვლევით ცენტრებსაც.
თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ასეთ წიგნებს და ფსევდომეცნიერულ ტრაქტატებს ძალიან ცოტა თუ კითხულობს. კაცმა რომ თქვას, ეს კარგიც კი არის ამ ცრუ-მკვლევარებისათვის: განა მოეწონებათ დაღესტნელებს და ჩეჩნებს "დიდ ჩერქეზეთში" ყოფნა და ჩერექეზების ხელმძღვანელობით?
სხვათა შორის, ჩერქეზთა ცენტრი დღემდე ისევ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს შენობაშია განთავსებული...
აი, რას ამბობს ჩერქეზთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ხაუთ სოხროკოვი "როსიისკაია გაზეტასთან" საუბარში: "საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ჩერქეზთა გენოციდის თაობაზე აბსოლუტურად არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. თავის დროზე ეს დოკუმენტი ჩვენთვის საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ორსახოვნების გამოხატულება იყო. ჩვენ მაშინ პარლამენტარებს ვკითხეთ: "როდის ხართ მართალი - როცა თქვენ აფხაზებს ჩაგრავთ, რომელთაც ჩერქეზები ვეხმარებით და მატ დამოუკიდებლობას ჩვენი 64 შვილის სიცოცხლე შევწირეთ, ან როცა სამხრეთ ოსეთს თავს ესხმით, რომელიც რუსეთმა გადაარჩინა? რატომ გაგიჩნდათ სიყვარული გრძნობა ასე უცებ იმ ხალხების მიმართ, რომელთა გასანადგურებლად მზად იყავით? რისთვის მიიღეთ გენოციდის აღიარების აქტი? პასუხი არ გაუციათ, თუმცა ჩვენთვის გასაგებია, რატომაც მიიღეს - ჩერქეზები რომ რუსეთის წინააღმდეგ აემხედრებინათ, მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდება. მხედველობაში ვიღებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ანტირუსულ პოლიტიკას მიზანმიმართულად ეწეოდა, ქართველ ხალხთან კი ჩვენ განსაკუთრებული, მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. სხვა საქმეა ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიზნები, რომლებიც აშკარად ანტირუსული საქმიანობით არიან დაკავებულნი და საქართველოს ამ მიზნით იყენებენ. ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას და რადიკალების კვალს არ გავყვებით".
"როსიისკაია გაზეტა" (რუსეთი), 25 ოქტომბერი, 2014 წელი