ვინ არის გიორგი არველაძე: რეფორმატორი თუ დეზინფორმატორი?

ვინ არის გიორგი არველაძე: რეფორმატორი თუ დეზინფორმატორი?

 

გიორგი არველაძე რეფორმატორი კი არა, დეზინფორმატორია

მიხეილ ვიგნანსკი

(შემოკლებით)

  კიეველი პოლიტიკოსების ქართველი "მრჩევლების" რიგებს კიდევ ერთი დაემატა - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე, რომელიც პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერმა იულია ტიმოშენკომ ამ დღეებში თავისი გუნდის წევრად საჯაროდ წარადგინა. უკრაინის ექს-პრემიერმა გიორგი არველაძე "ქართველ რეფორმატორად" მოიხსენია და განაცხადა, რომ იგი თავის კიეველ კოლეგებს ქვეყნის გარდაქმნის პროგრამის მომზადებაში დაეხმარება.

  გიორგი არველაძე კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, იმავე უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა მიხეილ სააკაშვილიც. როცა ეს უკანასკნელი ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი იყო, არველაძე მის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ იგი სააკაშვილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა, "ვარდების რევოლუციის" გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსადაც დაინიშნა, მოგვიანებით კი - ეკონომიკის მინისტრად.

  მაგრამ ქართულ საზოგადოებას "რეფორმატორი" გიორგი არველაძე უფრო მეტად ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელის ამპლუაში ახსოვს - ტელეკომპანიისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილს წაართვა, "ქართულმა ოცნებამ" კი კანონიერი მფლობელის ოჯახს დაუბრუნა. ქართველები დღესაც ნეგატიურად იხსენებენ გიორგი არველაძის დროინდელი "იმედის" მიერ მომზადებულ გადაცემა "იმიტირებულ ქრონიკას", რომელმაც მთელი ქვეყანა დაზაფრა - მასში ახალ ამბავად გადაიცა რუსეთის განმეორებითი თავდასხმა საქართველოზე. როგორც გაირკვა, მიხეილ სააკაშვილი პირადად იყო საქმის კურსში.

  "გიორგი არველაძის მთელი "რეფორმატორობა" მიხეილ სააკაშვილის განკარგულებების უსიტყვო შესრულებაში გამოიხატებოდა, - ამბობს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე "როსიისკაია გაზეტასთან" საუბარში, - მაშინაც კი, როცა სააკაშვილის მითითებები უსინდისო და უკანონო იყო, არველაძე მაინც მზად იყო მათ შესასრულებლად".

  მიხეილ სააკაშვილი იულია ტიმოშენკოს დახმარებას ადრეც ცდილობდა: ხმაურიან სკანდალად იქცა ოთხი წლის წინ რამდენიმე ათასი "ქართველი დამკვირვებლის" გადასროლა უკრაინაში ტიმოშენკოს მხარდასაჭერად ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინის ცესკომ მათ აკრედიტაციაზე უარი უთხრა და ბევრი ქვეყნიდან იქნა გაძევებული.

უაკანასკნელ ხანებში უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სახელით რეკომენდაციებს და რჩევებს აძლევენ კახა ბენდუქიძე (ეკონომიკის ექს-მინისტრი), გიორგი ვაშაძე (იუსტიციის მინისტრის ექს-მოადგილე) და სხვები. ოფიციალურ თბილისს ეს გულზე არ ეხატება. საქართველო მზადაა უკრაინასთან მეგობრობისათვის, მაგრამ არ სურს, რომ კიევის ხელისუფლებაში ქართველმა მრჩევლებმა იმუშაონ. ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული "მაიდნის" იდეის ინიციატორების საქმეს იძიებს. სხვატა შორის, 15 ნოემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.

 

"როსიისკაია გაზეტა" (რუსეთი), 25 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.rg.ru/2014/10/25/arveladze-site-anons.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: