რატომ არ უნდა მიაწოდოს ამერიკამ უკრაინას იარაღი

რატომ არ უნდა მიაწოდოს ამერიკამ უკრაინას იარაღი

[საქართველოს გამოცდილება]

მაიკლ კოფმანი, ქენანის ინსტიტუტის მკვლევარი

  თავისუფლების მხარდამჭერი აქტი, რომელიც სექტემბრის თვეში აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მიიღო, ამერიკის უკრაინულ პოლიტიკაში სრულიად ახალი პოლიტიკური ხაზის მომასწავებელია. დოკუმენტით ნებადართულია უკრაინისთვის სხვადასხვა იარაღის მიწოდება.

შესაძლოა ეს კარგი გადაწყვეტილებაა უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ მასში ქვეყნის რეალური საჭიროებები გათვალისწინებული არ არის. თუ აშშ ამ გზით წავა, ეს აუცილებლად რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს, კონფლიქტი კი უკრაინისთვის ისეთივე ზიანის მომტანი იქნება, როგორიც სხვა ქვეყნებისათვის, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მსგავსი გეოპოლიტიკური დაპირისპირებები.

  რატომ არ უნდა მიაწოდოს იარაღი უკრაინას?

ა) უკრაინამ უკვე წააგო ბრძოლა სეპარატისტული რეგიონების დასაბრუნებლად, ჯერ კიდევ 5 სექტემბერს, როცა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ზამთარში კიევი ბრძოლას ვერ დაიწყებს, სეპარატისტები კი ამ ხნის განმავლობაში კონსოლიდირებას შეძლებენ. ყველა შემთხვევაში, გინდაც რომ იარაღი მიიღოს, უკრაინის არმია მის ასათვისებლად მზად მაინც არ არის, მას რეფორმა და მოდერნიზაცია ესაჭიროება, რუსეთის არმიაში კი სერიოზული რეფორმები 2008 წლიდან მიმდინარეობს და თან საკმაოდ წარმატებით. უკრაინის არმიას ჯერ არ აქვს ტექნიკური ჩვევები და ტექნოლოგიები ახალი იარაღის დაუფლებისათვის, არ აქვს მართვის სისტემა ისე მოწყობილი, რომელიც ახალი შეიარაღების ამოქმედებისთვისაა საჭირო.

ბ)გაურკვეველია, ვის ხელში მოხვდება უკრაინის არმიისათვის მიწოდებული იარაღი. რას წარმოადგენს უკრაინის არმია? მშიერი ჯარისკაცები და ოფიცრები, მოხალისეები, რომლებთაც სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობა გააჩნიათ - ზოგს ოლიგარქები აფინანსებენ, ზოგი კი თავისი ულტრამემარჯვენე პოზიციით გამოირჩევა. განა ვაშინგტონი ისეა დარწმუნებული, რომ ამერიკული იარაღი იგორ კოლომიისკის ბოევიკების ბატალიონ "დნეპრის" ხელში არ აღმოჩნდება? ან ნაციონალისტთა ბატალიონ "აზოვის" ხელში? განა უკრაინელმა ჯარისკაცებმა არ მიატოვეს საკუთარი მძიმე ტექნიკა, რომლებიც საბოლოო ჯამში სეპარატისტთა ხელში აღმოჩნდა? იარაღის მიწოდების იდეა მით უფრო საეჭვო ხდება, როცა ჩვენ სირიასა და ერაყში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების ხელში ამერიკულ იარაღს ვხედავთ, როცა ისინი შავი დროშით ხელში ამერიკულ ჯავშანმანქანებზე ამხედრებული აქეთ-იქით დარბიან...

გ) ისინი, ვინც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრობს, ცუდად აცნობიერებენ იმას, თუ რა მიზეზით წააგო უკრაინამ ეს კონფლიქტი. წესით და რიგით, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს დონეცკელი სეპარატისტების დასამარცხებლად. მართალია, ბევრი ტანკი გაფუჭდა და ბრძოლის ველზე იქნა მიტოვებული, მაგრამ არსებული ტექნიკითაც კი კიევი საკმაოდ წარმატებით ავიწროვებდა დონეცკელ მოლაშქრეებს. აი, როცა სიტუაციაში არალეგალურად რუსეთი ჩაერია, უკვე მარცხისაგან უკრაინას ვერავითარი დამატებითი რადარები და ღამით ბრძოლის ხელსაწყოები ვეღარ უშველიდა. მოკლედ, აქ მთავარი რუსეთის ფაქტორია. კიევისათვის იარაღის პირდაპირი გადაცემა მოსკოვს ხელში კოზირს ჩაუგდებს, რომელიც თავისი პიარ-კამპანიით ისედაც ცდილობს უკრაინა მარიონეტულ და დასავლეთის კლიენტ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს.

  ამ თვალსაზრისით ამერიკისათვის სასარგებლო იქნებოდა საქართველოს მიმართ დაშვებული შეცდომების გახსენება. 2004 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს ახალმა მთვრობამ, რომელიც ზედმეტად გაამაყებული იყო თავისი არმიის დასავლურ ყაიდაზე მომზადებითა და სამხედრო დახმარებით, დაიჯერა, რომ რუსეთთან კონფლიქტში გამარჯვება შეეძლო. 2008 წლისდროინდელმა რუსეთის არმიამ, რომელიც უფრო სუსტი და ჩამორჩენილი იყო, ვიდრე ახლა, სულ ორიოდე დღეში დაამარცხა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ხელში ჩაიგდო მოწინავე დასავლური ტექნიკა, რომელიც საქართველოს წინა წლებში ჰქონდა შეძენილი და რაც ვერ წაიღო, ადგილზე მთლიანად გაანადგურა. როცა უკრაინის ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმატორები მოვლენ, ისინი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნისათვის იდეალური მებრძოლები იქნებიან, მაგრამ აბსოლუტურად მზად არ იქნებიან ომისათვის.

  ამიტომაც, სანამ უკრაინას ვინმე იარაღს მიაწოდებდეს, მანამ აუცილებელია მისი შეიარაღებული ძალების გარდაქმნა შედარებით მცირერიცხოვან, მაგრამ მაღალი ეფექტურობის მქონე არმიად. ამისათვის საკმაოდ დიდი დროა საჭირო. კიევს შეუძლია თავის მეზობლებს სათადარიგო ნაწილების მიწოდებისთვის მოელაპარაკოს იმ ტექნიკის შესაკეთებლად, რაც მას დარჩა. სხვათა შორის, პენტაგონმა უკრაინას უნდა მიუთითოს, რომ კერძო ქვედანაყოფებისა და მოხალისეთა ბატალიონების არსებობა არმიის გადარჩენას კი არა, მის განადგურებას ნიშნავს.

საბოლოო ჯამში, უკრაინას ფული სჭირდება ეკონომიკის განვითარებისთვისაც, რომელიც არმიას შეინახავს. არადა, ვაშინგტონმა სწორედ ამის იგნორირება მოახდინა - უკრაინისთვის ეკონომიკის აღსადგენად გროშიც კი არ მიუცია. თუ ჩვენ კიევს ეკონომიკის განვითარებაში დავეხმარებით, ეს უფრო მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე იარაღის მიწოდება: აღდგება ეროვნული ეკონომიკა? აღდგება ეროვნული შეარაღებული ძალებიც.

 

"ქვართს" (აშშ), 25 ოქტომბერი, 2014 წელი

http://qz.com/285729/why-sending-weapons-to-ukraine-would-be-a-terrible-idea-for-the-us/#

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: