ან საყოველთაო გამოკითხვა-რეფერენდუმი, ან ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები!
სააკაშვილის ცინიკური და „თავდაჯერებული“ სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ძნელია დაბეჯითებით ითქვას, გადაურჩება თუ არა საქართველო კიდევ ერთ „ნაციონალურ“ რევოლუციას, მაგრამ „ნაციონალების“ ყოველგვარი ფლირტის ზღვარი რომ ამოიწურა, ცხადია.
ერთ-ერთ სტატიაში ვწერდით და კიდევ გავიმეორებთ: ლადო სადღობელაშვილის და მისი მხარდამჭერების (რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი შეიძლება იყონ ისინი) შეძახილებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ აირძალება. პირიქით, ასეთ ხელოვნურად აჟიტირებულ აქციებზე ყურადღების გადატანით შეიძლება სასწაულიც მოხდეს და „ნაცმოძრაობამ“ დაანონსებული არსულობის დემონსტრირება პრაქტიკულად შეძლოს ქვეყანაში. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რით შეიძლება დამთავრდეს იგი საქართველოსთვის!
ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდების ინიციატივას მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ აუცილებელია (მითუმეტეს, დღევანდელ გართულებულ სიტუაციაში) მათი ახალგაზრდული ენერგია სასურველ კალაპოტში მოვაქციოთ, რომ გაუთვალისწინებელ შედეგამდე არ მივიდეთ!
2012 წლის 1 ოქტომბრიდან განვლილმა ორმა წელიწადმა კიდევ ერთხე თვალნათლივ დაგვანახა, „ნაციონალების სახით თუ რა დესტრუქციულ და შეძლება გადაუჭარბებლად ითქვას, საშიში ძალასან გვაქვს საქმე!
მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ხალხს დაპირდა ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალის ნეიტრალიზებას მოახდენდა (აკრძალავდა, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს), მაგრამ თითი თითზე არ დაუკარებია ამ საარჩევნო დაპირების შესასრულებლად. პირიქით, აღიარა როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალა და თავად თავდაცვის რეჟიმში გადავიდა. მიუხედავად მძიმე სამხილებისა, რომელსაც სისტემური დანაშაულის კვალი ატყვია, დღევანდელი ხელისუფლება არც აპირებს „ნაციონალური რეჟიმის“ 9-წლიან პარპაშს მისცეს სამართლებრივი შეფასება და ქვეყანა ამ პოლიტიკური „ბაცილისგან“ გაანთავისუფლოს!
მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა უკადრებელი იკადრა და „ივერიონი“ მინდია გულუას მფარველობაში და რუსული სპეცსამსახურების დავალების შესრულებაში დაადანაშაულა, სააკაშილის თავხედურმა და ცოტა არ იყოს საკმაოდ დამაფიქრებელმა რიტორიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი პოზიციის მართებულობა - „ნაციონალურ“ რეჟიმს იმდენად მყარად აქვს ფესვები გადმგმული და იმდენად აშკარაა გარე (ე.წ. დემოკრატიული) სამყაროს იქედნური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ თუ საზოგადოება ფეხზე არ დადგა და მოახლოებულ საშიშროებას ადეკვატურად არ უპასუხა, შეიძლება მწარედ სანანებელი გაგვიხდეს!
ვინაიდან, ოქტომბრის შემდგომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება დამნაშავე რეჟიმს თავისი ადგილი მიუჩინოს, აუცილებელია (თანაც სასწრაფოდ) ჩატარდეს საერთო-სახალხო გამოკითხვა (ან საუკეთესო შემთხვევაში რეფერენდუმი) თემაზე: უნდა აიკრძალოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა?
ვინადიდან და რადგან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით ხელისუფლება თავს არიდებს ამ ვალდებულების შესრულებას, გამოკითხვის (რეფერენდუმის) შედეგები აიძულებს მას მისცეს დამნაშავე რეჟიმის საქმიანობას სამართლებრივი შეფასება და წერტილი დაუსვას „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის არსებობას ქვეყანაში.
თუ ეს მოთხოვნა (ხალხის დაკვეთა) არ გაითვალისწინა, მაშინ უნდა ვაიძულოთ მმართველი კოალიცია დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დავაყენოთ!
საბა საბახტარაშვილი