დევნილთა და განსახლების სამინისტროში თავშესაფრის საკითხების მიმღები ცენტრი გაიხსნა
დევნილთა და განსახლების სამინისტროში თავშესაფრის საკითხების მიმღები ცენტრი გაიხსნა
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სიმონე ვოლკენთან ერთად, თავშესაფრის საკითხების ახალ მიმღებ ცენტრი გახსნა.
თავშესაფრის საკითხების მიმღები ცენტრი მდებარეობს სამინისტროს შენობაში და აღჭურვილია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთადერთი ორგანოა, რომელიც უცხოელებისთვის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. ახალი მიმღები ცენტრი თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის პროცედურებს გაამარტივებს.
მიმღები ცენტრის საშუალებით თავშესაფრის მაძიებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში გააკეთონ განაცხადი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე, მიიღონ სრული ინფორმაცია თავშესაფრის პროცედურებისა და მათი უფლებების შესახებ. ბენეფიციარები მიმღებ ცენტრში წარადგენენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, აქვე დარეგისტრირდებიან თავშესაფრის მაძიებლად, მიიღებენ შესაბამის ცნობას, გაივლიან პირველად ანკეტირებასა და გასაუბრებას, რაც თავშესაფრის მინიჭების პროცედურის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.
მიმღებ ცენტრში მოწყობილია 3 გასაუბრების ოთახი, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით. ცენტრში უზრუნველყოფილია თარჯიმანთა მომსახურება. თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გრძელდება 6 თვეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ბენეფიციარებს საშუალება აქვთ მიმართონ მიმღებ ცენტრს და წარადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია. სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი მიმღებ ცენტრში მიიღებს სრულ ინფორმაციას მისი უფლებების შესახებ და ასევე, იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მათ სასამართლო წარმოებისას აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას.
2014 წელს, საერთაშორისო დაცვის მისაღებად, საქართველოს 1400-მდე უცხოელმა მომართა, მათ შორის უმრავლესობა ერაყის, სირიის და უკრაინის მოქალაქეა. ყოველთვიურად, ახალი მიმღები ცენტრი შეძლებს მომსახურება გაუწიოს 400-მდე ბენეფიციარს. თავშესაფრის საკითხების მიმღები ცენტრი იხსნება ევროკავშირისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის: "თავშესაფრის სისტემის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადაფინანსებულია და განხორციელებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ. თავშესაფრის საკითხების მიმღები ცენტრი მოემსახურება როგორც თავშესაფრის მაძიებელ, ასევე თავშესაფრის მქონე პირებს.