უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლებამ ადეკვატური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს !
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ.როგორც ცნობილია, სოფელ მოხეში სადავო შენობის დემონტაჟი კვლავ იგეგმება.
"საქართველოს სახალხო დამცველი ითვალისწინებს რა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს მიერ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვის აუცილებლობას, ხოლო განხილვამდე - დემონტაჟის პროცესის შეჩერებას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწორედ ის ორგანოა, რომელიც რელიგიის საკითხებზე, მათ შორის სადავო ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს ჩართული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ისევე, როგორც სამცხე-ჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება, რომ სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობა სააგენტოს არ მიუღია. ამასთან, სამცხე-ჯავახეთის მუფტმა საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მუსლიმი მოსახლების მოთხოვნებით განცხადებები შეტანილი იყო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.