გიორგი ტიგინაშვილი:-"ძალიან მინდა, რომ დედაქალაქში ბიბლიის ძეგლი არსებობდეს"
"ივერიონს" ესაუბრება ახალგაზრდა მწერალი და თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)
-ბატონო გიორგი, განიხილავს თუ არა მართლმადიდებელი ეკლესია ქალს მამაკაცზე დამოკიდებულად და მასზე ერთი სოციალური საფეხურით ქვემოთ მდგომ არსებად?
-პირველ რიგში მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, აბსოლუტურად არ იცის ქალისა და მამაკაცის ურთიერთ-მიმართების სულიერი და სარწმუნოებრივი ასპექტები, არ იცნობს მაცხოვრის სწავლა-მოძღვრებას და შესაბამისად არასწორად და დამახინჯებულად ტვირთულობს ზნეობრივი ნორმების აღსრულებას. მავანთა მხრიდან ბოლო დროს გაისმა ბრალდებათა გარკვეული წყება ეკლესიის მიმართ, რომ თითქოსდა ქრისტიანული ფასეულობები ვიღაცას ძალადობისა და მეუღლის ჩაგვრისაკენ მოუწოდებს, რაც სრული ცილისწამება და უმეცრება გახლავთ. ამ შემთხვევაში საკითხის შეუსწავლელობასთან გვაქვს საქმე, ხოლო თუკი მაინც ბრალდებას წავუყენებდით ეკლესიას, არა მისი საყოველთაო სწავლების, არამედ ლოკალურად საქართველოს საპატრიარქოს უნიათო და ჭირვეული მისიონერობის შესახებ უნდა გამოვთქვათ შენიშვნა თუ წუხილი, რამეთუ ევანგელიზაციის ნაკლებობის გამოძახილია სწორედ ის მოცემულობა, რაც დღეს სახეზე გვაქვს, ანუ სახარების ვერ ქადაგებისა და რწმენის სწორად ვერ მიწოდების შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი ნომინალურად რჩება მორწმუნედ.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას, მინდა ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება აბსოლუტურად არ არსებობს გადარჩენის, განმღრთობისა და ცხონების საშუალებებში ღვთის წინაშე. წმ. პავლე მოციქულის თქმით, ღმერთის თვალში "არ არს მამაკაცობა და დედაკაცობა", ანუ ქალი და კაცი მის თვალში თანასწორია. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება განვაცხადოთ, რომ მხოლოდ ქრისტიანობაშია დაცული სრული სისავსით ქალისა და კაცის უფლებები,ხოლო მათი მთლიანი რეალიზაცია დამოკიდებულია ინდივიდზე. როგორ შეიძლება ადამიანმა ვერ გულისხმაჰყოს ეფესელთა მიმართ ეპისტოლის მეხუთე თავის ის უტკბილესი სიტყვები, რომელიც ჯვრისწერის რიტუალისას ხმამაღლა იკითხება და რომელიც ამგვარად ჟღერს: "ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის... კაცი მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს... ქმარი არის ცოლის თავი, როგორც ქრისტე ეკლესიის", – მაგრამ ეს "თავობა" გულისხმობს ისეთ სიყვარულს, როგორადაც ქრისტეს უყვარს მისი ეკლესია, ანუ უმთავრესად აქ მოიაზრება ზრუნვა, დაცვა, ერთგულება, თავგანწირვა და არა პატრიარქალური მბრძანებლობა თუ დესპოტიზმი. ანუ ქმარი იმდენად არის "თავი" რამდენადაც თავის მოვალეობას ამ კუთხით ასრულებს.
ამ მოწოდების შემდეგ, ფემინისტების მხრიდან გაჩაღებული ვითომდა ქალთა ემანსიპაცია, ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია, რამეთუ ორი გულის ერთი გასაღები მარტოოდენ ქრისტეს წიაღშია ყველაზე უფრო მოოქროვილად მოსაპოვებელი, ხოლო თუკი ოჯახში არსებობს უბრალოდ ერთგვარი იერარქიულობა თანასწორთა შორის უპირატესის წარმოსაჩენად, ეს მხოლოდ წესრიგს ემსახურება და არა ძალმომრეობას. გვახსოვდეს, რომ მორჩილების საფუძველი ღვთიური, თბილი სიყვარულია, როცა მონობა ძალადობაზეა დამყარებული. ამდენად ეს ორი სხვადასხვა მდგომარეობაა და ერთმანეთში ნუ ავურევთ. აქვე მაგონდება წმ. იოანე ოქროპირის საგულისხმო სიტყვებიც: "არავინაა კეთილსინდისიერ ცოლზე ძლიერი, რომელიც ასწავლის და არიგებს თავის ქმარს."
-საქართველოში ქალებზე ძალადობამ აშკარად იმატა. რატომ დუმს ეკლესია და რა იარაღით შეუძლია მას ბრძოლა ამის წინააღმდეგ?
-რასაკვირველია ოჯახური ძალადობის ტენდენცია, ძალიან შემაძრწუნებელი და გამაოგნებლად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისათვის. თუმცა, აქვე იმასაც ვიტყოდი, რომ შესაძლოა არა საკუთრივ ძალადობამ, არამედ მისმა ისტერიული ხასიათით გაშუქებამ იმატა. როგორც ვიცით ამგვარი თემებით მუდმივად სპეკულირებს ხოლმე ჯერ კიდევ დესტრუქციული ტელევიზია რუსთავი2, რომელიც ქვეყნის უბედურებაში ხშირად პირად წარმატებას ხედავს, ხოლო ქვეყნის კეთილდღეობაში – საკუთარ მარცხს. ასევე მოქმედებს დანაშაულებრივი "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პირმშო "თავისუფალი ზონა" რომელთაც მღელვარებისა და ემოციური ტემპერატურის ხელოვნურად გაზრდა სურთ, იმისათვის რათა თავიანთი ბოღმით ესკალაცია გამოიწვიონ და ვითარება დაძაბონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გამოუვათ, ამას არცერთი ღირსეული პიროვნება არ დაუშვებს! "მიშიზმი" სირცხვილი, უტიფრობა და დანაშაულია! და საერთოდაც პოლიტიკოსთა გაფეტიშება ყოველთვის დამღუპველია ყველასათვის. სწორედ, მაგ პროვინციალურმა აღტკინებამ და ცოფიანმა ფსიქოზმა გამოიწვია ის ბოროტება, რასაც უწინდელი ხელისუფლება სჩადიოდა. ამის ლეგიტიმაცია მათ კერპთაყვანისმცემლებმა, ასევე ინდიფერენტულმა და პასიურმა ხალხმა შთააგონა და ეს უნდა გავაცნობიეროთ, რათა მომავალშიც არ ვევნოთ.
აქვე უნდა ითქვას, რომ წინა ხელისუფლების ავბედით პირობებში (როცა კი მიხეილ სააკაშვილი და მისი ლეგეონი გამალებით ცდილობდა ახალი, ფალსიფიცირებული ადამიანის შექმნას, რომელიც იქნებოდა ზომბი, უგვანო და მონური სულისკვეთების), ძალიან ბევრი ადამიანი, მე ვიტყოდი ერის 90 % ფსიქიკურად დაავადდა და დაისტრესა, რადგან არ აჰყვა იმ უღირსებასა და ბოროტებას, რომელსაც მთავრობა სთავაზობდა და ამის გამო დევნისა და შევიწროვების დამთრგუნველ პოზიციაში აღმოჩნდა. ყოველივე ეს კი ბუნებრივად ჰპოვებს გამოძახილს შემდგომ წლებში. ახლანდელ მთავრობას კი ნამდვილად ეკისრება მათი რეაბილიტაციისათვის აუცილებელი ზომების მიღება.
რაც შეეხება ეკლესიას, ის რაღა თქმა უნდა არ სდუმს, არამედ განიცდის და ცდილობს საზოგადოებაში სიკეთის შეშუქებას, თუმცა უფრო მეტი ძალისხმევა და როგორც ზემოთ გითხარით მისიონერული მოღვაწეობა, ანუ ჯანსაღი და ეფექტური ქადაგება სჭირდება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანიზირებული მრევლი, ნაკლებად დეპრესიული გახდება.
აქვე დავძენ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი მოქალაქეებისათვის და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს განათლების სფეროს განვითარებას. ჩვენ ვხედავთ საგრძნობ პროგრესიის, არსებითად შეცვლილ დამოკიდებულებებს ახალი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობისადმი, თუმცა გაცილებით მეტის მოლოდინი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ წინსვლის ტემპი სასარგებლოდ დაჩქარდება.
-თქვენ ხშირად ხმამაღლა ამხელთ ხოლმე სასულირო პირებს, რომელნიც თავისი ცხოვრებით უბრალო მოკვდავს გაუთანაბრდნენ. საინტერესოა, რა ხდება დედათა მინასტრებში, მიწიერი საფრთხეები იქაც ხომ არ მძვინვარებს?
-მინდა განსაკუთრებული მოწიწება და კეთილ-კრძალულება გამოვხატო საქართველოში არსებულ ყველა დედათა მონასტრის სადოს მიმართ, სადაც ნამდვილად ცრემლდადენილი ლოცვის სიუხვე და სათნოებაში შრომის არეალია. შეიძლება ითქვას, რომ ანგელოზობრივი სიწმინდე და მშვენიერება მათგან მოეფინება ხოლმე ყოველ ცისკარზე ჩვენს სამშობლოს. მე სადაც ვყოფილვარ, დედათა მონასტერში მოსალოცად, ყველგან საოცარი მყუდროება, წესრიგი, სისუფთავე და სიყვარული დამხვედრია, რის გამოც ქებისა და ლოცვა-კურთხევის გამოთხოვის მეტი არაფერი დამრჩენია მათდამი.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვყავს უნიჭიერესი მონაზვნები, რომელნიც ამუშავებენ მინანქარს, ეწევიან ხატწერას, ქარგვას, ხეზე კვეთას, ქსოვას, გალობას და უამრავ ინტელექტუალურ თუ სახელოვნებო საქმეს.
რაც შეეხება მიწიერ საფრთხეებს, ამ დაცემულ სამყაროში, იგი არა მარტო მონასტრებში, არამედ ყველგან და ყოველთვის იარსებებს თეორიულად თუ პოტენციურად. ზოგი შესაძლოა ცდუნდეს და რაღაც გარკვეულ ცოდვაში აღმონდეს, მაგრამ მთავარია უკეთურება არ გახდეს სისტემური ცხოვრების ნაწილი და ადამიანი სინანულის გზას არ აცდეს.
-საზოგადოების აზრით, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ხმა დედათა მონასტრებს უნდა აემაღლებინათ. რატომ დუმან ისინი და, საერთოდ, რატომ არასდროს ჩანან საზოგადოებრივ ასპარეზზე?
-საერთოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ მონაზონთა ხმის ამაღლება ამა თუ იმ მანკიერებაზე, მდუმარე ლოცვაში მოიაზრება და არა საზოგადოებრივ აქტივობაში. ისინი გარინდულნი და განშორებულნი არიან წუთისოფლის სულს, ამქვეყნიურ ორომტრიალს და შესაბამისად მათი ტრიბუნა ვერ გახდება ვერც ბრიფინგის და ვერც პრეს-კონფერენციის მოწყობა სატელევიზიო ეთერით. ამდენად, მათი "საზოგადოებრივი ასპარეზიდან" შორს დგომაც ამით არის განპირობებული. ისინი თავინთი მოკრძალებით, კდემამოსილებითა და სულიერი მოღვაწეობით ეხმარებიან ერს პრობლემათა დაძლევის გზაზე. ეს არის მათი უმთავრესი დანიშნულებაც.
-როგორ ფიქრობთ, გრიგოლ ხანძთელის მეთოდით რომ ხდებოდეს დღევანელ ეკლესია-მონასტრებში შეღწევა, რამდენი სასულიერო პირი შერჩებოდა მას?
-ზოგადად, ალბათ ეპოქის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ ასეთ საკითხებზე. წმ. გრიგოლ ხანძთელის სანაქებო პერიოდში, სულიერების, რწმენისა და ღვთისმოსაობის დონე, გაცილებით უფრო მაღალი და ღვთივშუენიერი იყო, ვიდრე ახლა. მოდერისტულმა და ცოდვისმიერმა ძვრებმა, ბუნებრივად დაასნებოვნა და დავიწყებას მისცა ის ძირძველი გამოცდილება, რომელიც არსებობდა საქართველოს სამონასტრო ცხოვრებაში. განსაკუთრებით დამამძიმებლად იმოქმედა ათეისტური მსოფლმხედველობის კომუნიზმმა, რომელმაც 70 წელიწადში, ფაქტობრივად წელში გადატეხა თითქმის ყველა ის უნიკალური თუ სანუკვარი ტრადიციების ხსოვნა, რომელიც სამონასტრო სკოლებში გაგვაჩნდა. ამჟამად ახლად აღმოცენებული ყლორტებით გამოიყურება ჩვენი რეალობა. ბუნებრივია ზოგჯერ ამ ყლორტებს ფითრიც მოედება ხოლმე, ანუ პრობლემები და დარღვევებიც ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია და არ მიკვირს. მხოლოდ იმას დავიჩივლებ, რომ საპატრიარქოს ვგონებ მეტი შეუძია და მას მაინც იდეოლოგიზირებული რეჟიმის პოზა უფრო უჭირავს, ვიდრე ამას მოციქულობრივი პათოსი გულისხმობს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან ატმოსფერო შეიცვლება და ის ვააკუმი თუ დახუთულობა რომელიც მავანთა კისერზეა, აუცილებლად აღმოიფხვრება სასიკეთოდ. პატიოსნება და ჭეშმარიტი განათლება უსათუოდ იზეიმებს ოდესმე მაინც!
-და ბოლოს, თბილისის მერიას, "თბილისობასთან" დაკავშირებით, რა საჩუქარი შეეძლო შეეთავაზებინა თბილისელებისთვის მათი გულის მოსაგებად?
-რა გითხრათ (იცინის), თბილისი საკმაოდ ჭრელია და ყველას სხვადასხვა სურვილი და ნატვრა აქვს. მე პირადად ყველაზე მეტად გამწვანებისა და ეკოლოგიის საკითხები მაღელვებს. ვისურვებდი ტყე-პარკების განაშენიანებას. ამჟამინდელ ქაოსში, დასვენება და სეირნობა, არა მხოლოდ მოხუცებს, არამედ ახალგაზრდებსაც გვჭირდება. აგრეთვე, გამიხარდებოდა გზების მოწესრიგება და დასუფთავება. ამასთან, ძალიან მინდა, რომ დედაქალაქში ბიბლიის ძეგლი არსებობდეს, ჩვენ ხომ ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ, რომელმაც წმ. წერილი ვთარგმნეთ. ისე, ეს ინიციატივა ჯერ არავისგან მსმენია და ბედნიერი ვიქნები თუ ამას მერიის თანამშრომლები წაიკითხავენ. ბოლოს კი, საჩუქარს რაც შეეხება, ალბათ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და კარგი ის იქნება, თუკი მერია სოციალურ პროგრამებზე ორიენტირებას კიდევ უფრო გააღრმავებს და მეტ სამუშაო ადგილს შექმნის მოსახლეობისათვის.
ესაუბრა ია ჯღარკავა