ნინო ბურჯანაძე: "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლების 2 წელი"

ნინო ბურჯანაძე: "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლების 2 წელი"

   2014 წლის 27 ოქტომბერს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, როგორც მან განაცხადა:

   -"დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერმინისტრის მოხსენება ცვლილებების 2 წელიწადთან დაკავშირებით. მართლაც 2 წელი გავიდა, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა "ქართული ოცნება", ერთი წელი გავიდა რაც ე.წ არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტი და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი მიღწევა არის ის, რომ ადამიანებს აღარ ატერორებენ და აღარ არის მასობრივი შიში. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას "ქართულ ოცნებას" არ ვუკარგავთ, მაგრამ ეს არის ის ელემანტარული და მინიმალური, რაც ნებისმიერი ხელისულების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.

   სამწუხაროდ, 2 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" გაუბედავი პოლიტიკის და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში და რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლების 2 წელი. 

   სწორედ "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც დაკარგა ქვეყნის ტერიტორიის 20 %, რომელმაც ჯერ შემოიყვანა რუსეთის ჯარი, ხოლო შემდეგ მოუწოდებდა საქართველოს მოსახლეობას დანა-ჩანგლით ებრძოლა მის წინააღმდეგ, ბედავენ აქციის დაანონსებას საქართველოს გამთლიანებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ყველაზე დიდი ზიანი საქართველოს გამთლიანების პერსპექტივას სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაყენა. 

დღეს ისინი ბედავენ აქცია დააანონსონ იმ ადგილზე, სადაც უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, ამისათვის მადლობა "ქართულ ოცნებას"! 

   თუ ასე გააგრძელებს "ქართული ოცნება", ჩვენ რომ არ ვიყოთ ხელის შემშლელნი, "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად მობრუნდება ხელისუფლებაში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: