გია ვოლსკი: არეულობა და დაძაბულობა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანია!
პრეზიდენტყოფილის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვითარების არევის, დაძაბვისკენ არის მიმართული. აღნიშნულ განცხადებას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აკეთებს.
გია ვოლსკი საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუჯერონ "ნაციონალური მოძრაობის" სიცრუეს, ვინაიდან არავითარი წუხილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისადმი მათ არ გააჩნიათ.
"პრეზიდენტყოფილის სააკაშვილის განცხადებები არათუ სცილდება რაიმე ლოგიკას და კონსტრუქციულობის ელემენტები ეტყობა, არამედ პირდაპირ მიმართულია იმისაკენ, რომ ვითარება აიროს, დაიძაბოს, იქნებ თვითონ რაღაცა პოლიტიკური რეაბილიტაცია თუ გაცოცხლება შეძლოს ამ დაძაბულ სიტუაციაში. არავითარი პერსპექტივა ამას არ გააჩნია და განსაკუთრებით იმ სიცრუის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად გაისმის, რომ თითქოსდა ჩვენ გვინდა, ამოვიღოთ საქართველო დასავლეთისა და რუსეთს შორის დიალოგიდან. ტყუილია, სიცრუეა, საგარეო კურსის, რომელიც თითქოსდა ერთად დავამტკიცეთ, მე-12 მუხლის გადაკითხვაა საჭირო, სადაც წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი დასავლეთის და რუსეთის მოლაპარაკებას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.