გატეხილი ოცნება: მმართველი კოალიცია განხეთქილების ზღვარზე!
„ქართული ოცნება“ დაშლის ზღვარზეა - ჭორებისა და მითქმა-მოთქმის დონეზე ლაპარაკი დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: მიხეილ სააკაშვილმა „მეოცნებეები“ პოლიტიკურ ომში გამოიწვია და განაცხადა, რომ ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს და ამ მიზნის განსახიორციელებლად 2016 წლის არჩევნებს ვეღარ დაელოდება. როგორ და რანაირად, ამას „ნაციონალების“ მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი მიტინგი გვაჩვენებს.
„სააკაშისტები“ ბოლო თვის განმავლობაში სპეციალურად მოქმედებდნენ აგრესიულად - ხან აქ, ხან იქ ოპონენტებთან შეხლა-შემოხლას აწყობდნენ. „ქართულ ოცნებას“ სწორედ ახლა სჭირდება სიმტკიცე და ერთიანობა, კოალიციის წევრებმა უნდა გაიხსენონ ორი წლის წინანდელი პერიოდი, როცა ერთად იყვნენ და მოწინააღმდეგე დაამარცხეს, მაგრამ ესენი სწორედ ახლა იწყებენ ერთმანეთში უთანხმოებას, მათ სიმტკიცეს ბზარი შეეპარა - თანაც ორი პარტიისგან - „რესპუბლიკელებისა“ (ლიდერი დავით უსუფაშვილი) და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ (ლიდერი ირაკლი ალასანია).
ცეცხლზე ნავთს ასხამს კორუფციის გამო ირაკლი ალასანიას თანამშრომლების დაპატიმრება და როგორც ექსპერტები ამბობენ, თავდაცვის „მაგარი“ მინისტრი ამ ყველაფერს უპასუხოდ არ დატოვებს: ჩამოვა შეფი მივლინებიდან და... სხვა თუ არაფერი, მას ხომ საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, თვით პრემიერ-მინისტრზე და „მამა-მარჩენალ“ ოლიგარქზეც კი!
ჯერ-ჯერობით თავდაცვის უწყების შეფი ჩუმადაა, მაგრამ აი, პარტიის ყრილობისთვის ნეტავ სიურპრიზებს ხომ არ ამზადებს? განსაკუთრებით იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ალასანია დიდი ხანია შემჩნეულია ზემოთ ცქერაში - ხელისუფლების მწვერვალებისკენ, მას ხომ პრეზიდენტობაც უნდოდა... მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ალასანიას მარგველაშვილი არჩია, რადგან მასში პოლიტიკური ამბიციები ვერ დაინახა, „თავისთვის მშვიდად იქნებაო“.
ახლა ოლიგარქი აღიარებს, რომ მარგველაშვილში შეცდა, მაგრამ რატომღაც ღიად არ ამბობს, რომ თურმე ალასანიაშიც შეცდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს თავის დროზე, [როცა პრეზიდენტის არჩევნებს ჩამოაშორეს], ივანიშვილისთვის არაფერი უთქვამს, ახლა კი სიტუაცია ამის საშუალებას აძლევს. მისი ხალხის დაპატიმრება - ეს მხოლოდ საბაბია, „ნაციონალების“ საგანგებო გააქტიურება კი უკვე მიზეზი. ექსპერტების ვარაუდით, უსუფაშვილი და ალასანია „ოცნების“ წინააღმდეგ იმიტომ წავიდნენ, რომ მეტი უფლებამოსილების მიღება სურთ, ამავე დროს ყველას ესმის, რომ „ოცნება“ დღევანდელ სიტუაციაში თავის სუბიექტებს ვერ დაკარგავს. თავის მხრივ, არც „ამბოხებულ“ პარტიებს არ აქვთ ცალ-ცალკე მომავალი, რადგან ავტონომიური პოლიტიკური ბრძოლისთვის მათ ძალა და რესურსები არ აქვთ. ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ შესაძლოა პარტიების ბუნტმა საპარლამენტო კოალიციის ფორმატის სეცვლა გამოიწვიოს და ამ კონფიგურაციაში „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ხედავენ...
ვინ იქნება, სავარაუდოდ, ახალი ალიანსის ლიდერი?
ამბობენ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ბოლო დროს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ერთმანეთთან ხშირად უთანხმოება აქვთ. აი, ასე ხდება საჯაროდ გავლენის ახალი ცენტრის დამკვიდრება.
რასაკვირველია, მარგველაშვილი ფორმალური ლიდერი იქნება, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს - ის ხომ სახელმწიფოს მეთაურიც ფორმალურადაა. სამაგიეროდ, ბოლოს და ბოლოს, გასაგები იქნება, თუ რატომ გადავიდა მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში სამუშაოდ, ანუ ნათელი გახდება, ვისთვის ინახავს იგი ამ რეზიდენციას...
მიხეილ შეინკმანი, პოლიტიკური მიმომხილველი
„რადიო გოლოს როსსიი“ (რუსეთი), 30 ოქტომბერი, 2014 წელი
http://ria.ru/radio_brief/20141030/1031007615.html