NGO: თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების ტესტირება გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს!

NGO: თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების ტესტირება  გამჭვირვალედ  უნდა განხორციელდეს!

  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემაში დაგეგმილ ატესტაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

 

  აღნიშნულ განცხადებას "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:

  "სამწუხაროა, რომ ატესტაციამდე პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ადგილი ჰქონდა სამსახურებიდან მოხელეების მასობრივად გათავისუფლებებს. მიმდინარე მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოება გარკვეულ საშიშროებას ხედავს, რომ ატესტაციის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლების/კანდიდატების განსხვავებას და დისკრიმინაციული საფუძვლით გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულის გამო, მთლიანად დაგეგმილ ატესტაციის პროცესთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები და გარკვეული უნდობლობა ატესტაციის პროცესის ობიექტურად წარმართვასთან დაკავშირებით.

  არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ატესტაციის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში უნდა წარიმათოს მაქსიმალური ობიექტურობით, გამჭვირვალედ და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, რაც ხელს შეუწყობს პროცესის კანონიერებასა და სამართლიანობას.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების თანამდებობის პირებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დაგეგმილი საჯარო მოხელეების ტესტირება და გასაუბრება მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭვირვალედ განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, ატესტაციაში მონაწილე მოხელეების თანასწორობის დაცვის უზრუნველყოფა, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი დისკრიმინაციული მოპყრობის საშიშროება და თანამშრომლების/კანდიდატების შერჩევა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გამოცდილების, პროფესიული კვალიფიკაციის და უნარების მიხედვით.

  აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრების ეტაპი ჩატარდეს საერთო წესებით მიმდინარე სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით, კანდიდატებისთვის ერთიდაიგივე შეკითხვების დასმის გზით. აღნიშნული შეამცირებდა კითხვების დასმისა და პასუხების შედარებისას დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლებლობას.

  გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიმართა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას პროცესზე დაკვირვების განხორციელების მიზნით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს ატესტაციის პროცესი და დაინტერესებულ ორგანიზაციებს მისცეს  დაკვირვების შესაძლებლობა", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი", "საზოგადოებრივი დამცველი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი", მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: