ლევან სამუშია: თუკი არ მოხდება გრიფის მოხსნა, სრულფასოვან დაცვას ვერ განვახორციელებთ!
თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ, - ამის შესახებ გლდანის ციხეში დააკავებულების მონახულების შემდეგ ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ვინაიდან პროკურატურამ გაკეთებული საჯარო განცხადებით, შავი პიარით გაახმაურა საიდუმლო მასალები, ამ საქმეზე გრიფის არსებობას აზრი აღარ აქვს. თუკი არ მოხდება გრიფის მოხსნა, ჩვენ ვერ განვახორციელებთ სრულფასოვან დაცვას. ფაქტობრივად, ეს ხალხი მტკიცებულებების გარეშე იმყოფება. ისევე როგორც ჩემი, მათი მოთხოვნაც არის, რომ საქმეს გრიფი მოეხსნას", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უკვე გასაჩივრდა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ "ოდნავ სამართლიანობის პირობებში, მისი საჩივარი დაკმაყოფილდება".
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.