„სუპერპაპარაცი“ ზაზა სვანაძე და... ძალადპოპულარობაზე დახურდავებული სინდისი!

„სუპერპაპარაცი“ ზაზა სვანაძე და... ძალადპოპულარობაზე დახურდავებული სინდისი!

ის, რაც ვითომცდა საინფორმაციო სააგენტო „correspondent.ge“-ს  თავკაცმა ზაზა სვანაძემ იკადრა, არც ჟურნალისტური ეთიკის და მითუმეტეს, არც კაცობის არანაირ სტანდარტში არ ჯდება.

არ გვესმის, როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცი ასე დაპატარავდე და ძალად პოპულარობის მიზნით ისედაც ცოდვილი სული კიდევ უფრო დააბინძურო და დაამძიმო?!

სულმდაბლობა და თავხედობა - მხოლოდ ასე შეიძლება შევაფასოთ ზაზა სვანაძის „პაპარაცული“ საქციელი!

 



ყველაფერი კი ასე დაიწყო: „ივერიონმა“ ინტერვიუ დაგეგმა თბილისის ახლადარჩეულ მერთან ბ-ნ დავით ნარმანიასთან.

სურვილი გვქონდა მერთან საუბრის ვიდეორგოლიც დაგვედო სააგენტოს ვებ-გვერდზე. მოხდა ისე, რომ ჩვენი  ოპერატორი იმ დღეებში შეუძლოდ იყო. ჟურნალისტმა ქეთი მიქაძემ (ვისაც ნარმანიასთან საუბარი უნდა წაეყვანა) „ზოლოტოი ზაპასად“ ზაზა სვანაძე მიიჩნია. ჩვენ კოლეგიალურად დავთანხმდით იმაზეც, რომ სვანაძე გარკვეული დროის შემდეგ ინტერვიუს ვიდეოვერსიას თავისი სააგენტოს ვებ-გვერდზეც ატვირთავდა.

იმის გამო, რომ დანიშნულ დროზე ადრე მოგვიწია მისვლამ მერიაში, მერიის პრესსამსახურის უფროსმა ქ-ნმა მაგდა პოპიაშვილმა თავაზიანად თავისთან შეგვიპატიჟა. მოხდა ისე, რომ დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით პოპიაშვილის კაბინეტში. ჩვენთან ერთად იჯდა ზაზა სვანაძეც, რომელიც თურმე ავანტიურიზმით (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!)ყოფილა დაკავებული და პრესსამსახურის თანამშრომელთა საუბარს ფარულად იწერდა.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სვანაძემ ეს თავისი „ნაცოდვილარი“ თურმე საკუთარ ვებ-გვერდზე დადო და სოციალური ქსელითაც გაავრცელა.

გარდა იმისა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში არ ჯდება (სუფთა ნაცარქექიაობაა!) მის საქციელს წმინდა სამართლებრივი კვალიფიკაციაც შეიძლება მიეცეს და მას აღნიშნულის გამო სასამართლოში სიარულმაც მიუწიოს!

„ივერიონი“ ემიჯნება რა ზაზა სვანაძის ავანტიურისტულ (თაღლითურ) ქმედებას, კატეგორიულად ვითხოვთ: საჯაროდ ბოდიში მოიხადოს (რადგან იგი ჩვენი ეგიდით მოხვდა თბილისის მერთან შეხვედრაზე) თავისი სულმდაბალი საქციელის გამო და თუ სინდისის ნატამალი კიდევ შემორჩა, საერთოდ გაემიჯნოს ჟურნალისტიკას, რადგან, ნამდვილ ჟურნალისტიკაში სვანაძისნაირი ადამიანების ადგილი არ არის!

P.S. „ივერიონი“ ამ გაუგებრობის გამო ბოდიშს უხდის თბილისის მერს ბ-ნ დავით ნარმანიას და მერიის პრესსამსახურის უფროსს ქ-ნ მაგდა პოპიაშვილს. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ბოდიშს საჯაროდ მოიხდის ზაზა სვანაძეც და საქმეს გამწვავებისკენ არ წაიყვანს!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: