დავით ფერაძე: მოვუწოდებ პედაგოგებს, ხმა ამოიღონ ხელისუფლების დამამცირებელი პოლიტიკის წინააღმდეგ!

დავით ფერაძე: მოვუწოდებ პედაგოგებს, ხმა ამოიღონ ხელისუფლების დამამცირებელი პოლიტიკის წინააღმდეგ!

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი კრიტიკულად აფასებს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებას პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია , როგორც სახელფასო ანაზღაურების ასე უმნიშვნელოდ მომატება, ისე მისი გადავადება 2015 წლის სექტემბრამდე.

მიუღებელია ე.წ. მაღალი კატეგორიის პედაგოგებისთვის დაანოსნსებული ხელფასის ოდენობაც. თუ ბატონი ხადური ამ კატეგორიაში ჯერ აუმოქმედებელი პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებულ მასწავლებლის სტატუსს გულისხმობს, მაშინ მით უფრო აზრდაკარგული იქნება მასწავლებლის მოტივაცია - ჩაერთოს კარიერულ წინსვლაში ასეთი მიზერული ანაზღაურების მოსაპოვებლად.

კიდევ ერთი შემაშფოთებელი გარემოება გახლავთ ისიც, რომ უახლოეს დღეებში მთავრობა აპირებს საბოლოოდ დაამტკიცოს პედაგოგთა პროფესიული საქმიანობის დაწყების, განვითარებისა და კარიერული წინსვლის გასაიდუმლოებული სქემა, რომლის ამოქმედების კატეგორიული წინააღმდეგი არიან მასწავლებლები.

სქემის ძალაში შესვლით კიდევ უფრო შრომატევადი და გაუსაძლისი გახდება მასწავლებლის შრომითი დატვირთვა.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი ცალსახად გმობს მთავრობის ამ მცდელობას და მოუწოდებს პედაგოგებს, ხმა აიმაღლონ მათ მიმართ განხორციელებული და დაგეგმილი დამამცირებელი პოლიტიკის წინააღმდეგ.

დავით ფერაძე
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: