დავით უსუფაშვილი: ყველაფერი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდეს!

დავით უსუფაშვილი: ყველაფერი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდეს!

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ყველაფერი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდეს.


  "გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაცია მომაწოდა მინისტრმა. მე ამისთვის მადლობელი ვარ, რადგან პარლამენტი ყველა უწყებასთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში.

  კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ჩვენი მთავრობის ინიციატივით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა შარშან და აქედან გამომდინარე, 2 მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე. ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და თავდაცვის სამინისტროს შორის მიმოწერა. ბატონმა სესიაშვილმა შარშანვე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ, პარლამენტი არაპირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო და მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა (თუ საჭიროდ ჩათვლის) გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად.  ჩვენც, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოქმედებდეს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ემსახურებოდეს სახელმწიფოს.

  პარლამენტი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: