დავით უსუფაშვილი: "კოალიციაში" გარკვეული კრიზისული მოვლენებია!
როგორც პარლამენტისდ თავმჯდომარე აცხადებს "კოალიციაში"გარკვეული კრიზისული მოვლენებია". უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდება და უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზრდება. განცხადება ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
"კოალიციაში კრიზისი არ არის. არის გარკვეული კრიზისული მოვლენები. რა თქმა უნდა, არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო, როცა უწყებები განცხადებით მიმართავენ ერთმანეთს. როდესაც პრემიერი და მინისტრი ტელევიზიით ესაუბრებიან ერთმანეთს, ან როცა პარლამენტის თავმჯდომარეს მედიისთვის იმის თქმა უწევს, რასაც ახლა ვამბობ, ე.ი. რაღაც ნიშნები არსებობს იმისთვის, რომ დროზე მივხედოთ საქმეს, რათა ის უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზარდოს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ასეთი კრიზისული მომენტები აუცილებელია სწორი გადაწყვეტილების მისარებად.
"მივმართავ პარტნიორებს კოალიციაში. გარკვეულ კრიზისულ ვითარებას გავუმკლავდეთ ისე, როგორც გვეკადრება კოალიციის პარტნიორებს; ისე, როგორც გვეკადრება ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღებ ხალხს. ყველა თემა განვიხილოთ და მოვაგვაროთ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოში ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა", - განაცხადა უსუფაშვილმა.