მარგველაშვილმა ივანიშვილს ანკესი უკვე გადაუგდო!
თავდაცვის სამინისტროს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განთავისუფლებაზე კომენტირებისას გიორგი მარგველაშვილმა მისთვის ჩვეული სიდინჯითა და ირონიით ბიძინა ივანიშვილს ანკესი უკვე გადაუგდო!
მარგველაშვილის განცხადება, რომ „სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტისგან უნდა იმართებოდეს და არა კულუარებიდან“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მოარულ ხმებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობას „უჩინარი ხელის“ სახით ისევ ივანიშვილი მართავს!
დიახ, ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტმა პრეზიდენტმა ამ განცხადებით პირდაპირი მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი (საკმაოდ მძიმე ბრალდებით) სწორედ მისი „რეკომენდაციებიდან“ მოდის!
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრების დანიშვნა-განთავისუფლება მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტის პრეროგატივა აღარ არის, მას აქვს ექსკლუზიური უფლება წარადგინოს მთავრობა პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად.
დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, რასაც აუცილებლად მოჰყვება მძიმე პოლიტიკური რყევები და ასევე პოლიტიკური გადაჯგუფებებიც, ძნელი სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარგველაშვილი ახალი მთავრობის წარდგენისას (არადა, ახალი მთავრობის ფორმირების აუცილებლობა ნამდვილად დადგება!).
მითუმეტეს, სავსებით რეალურია დღევანდელი მმართველი კოალიცია დაიშალოს და ღარიბაშვილმა პარლამენტში მომხრე უმრავლესობა დაკარგოს!
ერთი სიტყვით, ღარიბაშვილი ბეწვის ხიდზე გადის, თუმცა დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, იგივე ხიდზე გადის საქართველოც!