ირინა სარიშვილი:-"თვითმფრინავის დაშვებამდე შევიკრათ ღვედები და ვუყუროთ სპექტაკლს მაღალანაზღაურებადი მსახიობების მონაწილეობით!"

ირინა სარიშვილი:-"თვითმფრინავის დაშვებამდე შევიკრათ ღვედები და ვუყუროთ სპექტაკლს მაღალანაზღაურებადი მსახიობების მონაწილეობით!"

   პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი ქვეყანაში შექმნილ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"ხელისუფლებამ ახალი, უფრო სწორად, კარგად ნაცნობი სერიალის ახალი სეზონი დაიწყო. ზუსტი გაგრძელება და ფინალი მხოლოდ სცენარისტებმა და იდეურ დონეზე შემსრულებლებმა შეიძლება იცოდნენ. მე მხოლოდ ჩემს ვარაუდს შემოგთავაზებთ, რომელიც მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს გულისხმობს.

   ვარიანტი 1: 

იქმნება ხელოვნური ოპოზიცია ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის ლიდერობით, რომელსაც შეუერთდებიან რესპები და პორტირებული ნაცები და ამ გადანაწილებით მიდის ყველაფერი 2016 წლის არჩევნებამდე, რომელმაც ახალი უმრავლესობა ამ შემადგენლობით უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში: ალასანია, რომელიც აშკარად ქვეყნის მომავალ ლიდერობაზე შეაგულიანა "ვიღაცამ", რესპები, პორტირებული ნაცები; 

   ვარიანტი 1–ის შემთხვევაში, თუ მცირე არეულობაც გათამაშდა, ღარიბაშვილი შეიცვლება სხვა პრემიერით, მაგრამ არა ალასანიათი, რომელიც უფრო დიდი მომავლისთვის ემზადება 2016 წლიდან. თუ ამ სპექტაკლში არეულობა მცირე არეულობა დაგეგმილი არ არის, მაშინ ღარიბაშვილიც აგრძელებს პრემიერობას და ასე გრძელდება 2016 წლის არჩევნებამდე, სადაც დღევანდელი პრემიერი უკვე თავისი გუნდით წარსდგება, რომელსაც ამ პერიოდში შექმნის.

ამ ვარიანტის ალბათობა ყველაზე მაღალია.

   ვარიანტი 2: 

ალასანია ხდება პრემიერი, ყალიბდება ახალი კაბინეტი, რომელშიც შევლენ რესპები და ალასანიას პარტია. ნაცები სავარაუდოდ ამ მთავრობაში არ შევლენ, რითაც შეინარჩუნებენ ძირითადი ოპოზიციის ნიშას, თუმცა ალასანიასთან და მის მთავრობასთან ლოიალური დამოკიდებულება ექნებათ. 

ამ ვარიანტის ალბათობა ყველაზე დაბალია.

   ვარიანტი 3:

ალასანია–ღარიბაშვილის დაპირისპირებით თამაშდება ბევრად მასშტაბური დაპირისპირება დიდი არეულობით და შესაძლო სისხლისღვრით, რომელმაც ხელისუფლების ნაადრევი, არაკონსტიტუციური წყვეტა უნდა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში თამაშგარე აღმოჩნდება ორივე მხარე და თამაშში შემოდის ნინო ბურჯანაძის ფაქტორი.

ამ ვარიანტის ალბათობა არც ისე დაბალია.

   ეს გახლავთ ჩემი ვარაუდი მოვლენების შესაძლო განვითარების. რომელი ვერსიაა უფრო რეალური, ეს სულ მოკლე ხანში გამოჩნდება, მთავარი აქ ის გახლავთ, რომ ეს თამაშია და მეტი არაფერი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მინდა ვურჩიო ყველას, მათ შორის ჩემს "აქაურ" მეგობრებს, რომლებიც აქტიურად აპირებენ ამ ორთაბრძოლაში ჩართვას, დაზოგონ ემოცია და ნერვები და ქუჩის აქციებსაც სიფრთხილით მოეკიდონ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მე ამას შიში არ მალაპარაკებს, ყველა კარგად მიცნობთ. უბრალოდ არ მინდა, სხვის ბინძურ თუ სუფთა თამაშს გულუბრყვილო, უდანაშაულო ადამიანები შეეწირონ. ვინც თამაშობს, კეთილი ინებოს და ეს სპექტაკლი თავისი მონაწილეებით, მათ შორის ე.წ. "მასოვკით", თვითონ უზრუნველყოს. კმარა ამდენჯერ ხალხის ინსტრუმენტად გამოყენება და შემდეგ სანაგვეზე მოსროლა. მე რაც შემეხება, სადაც უდანაშაულო ადამიანისთვის საფრთხეს დავინახავ, იქ მივალ, მიუხედავად იმისა, ვუჭერ თუ არა მხარს იმ პოლიტიკოსს, ვისი გულისთვისაც ეს ადამიანი თავს საფრთხეში იგდებს და ესეც ყველამ კარგად იცით! ამიტომ შეეცადეთ კარგად გააანალიზოთ, რაც აქ მიწერია და მერე თავადვე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა სხვის ომში პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით საზარბაზნე ხორცად მონაწილეობა!

   ეს სპექტაკლია და ვუყუროთ ამას იმ ემოციით და იმ განცდით, რაც სპექტაკლს შეეფერება – ესაა ჩემი რჩევა. ამ ეტაპზე მეტი არაფრის გაკეთება არ ღირს, რადგან ჩვენი მონაწილეობა ვერაფერს შეცვლის, მხოლოდ გააფორმებს. შეძლებისდაგვარად შევინახოთ ჩვენი ემოციები, ძალ–ღონე რეალური მოქმედებისთვის! მერწმუნეთ, ჩვენი დროც მოვა, თან ძალიან მალე! 

   თვითმფრინავის დაშვებამდე შევიკრათ ღვედები და ვუყუროთ სპექტაკლს მაღალანაზღაურებადი მსახიობების მონაწილეობით!

სტატუსი: ამალიამ დაისვენა" (სტილი დაცულია)

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: